დეკრიმინალიზაცია

ხვიჩია: თუ მარიხუანის მოხმარება უფლებაა, მისი რეალიზების ლეგალური გზაც უნდა იყოს

ტაბულა

გირჩის დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, თუ რას შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა

ხვიჩიას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა, ერთადერთი, რისი თქმაც დაზუსტებით შეგვიძლია არის ის, რომ მარიხუანის მოხმარება სისხლისსამართლებრივი სფეროდან ამოვიდა და ვინც ამ მუხლით ციხეში ზის, ავტომატურად გათავისუფლდება. 

"ამ წუთას რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა ცალსახად ანუ სისხლისსამართლებრივი სფეროდან ეს თემა ამოსულია. ითქვა, რომ ეს სისხლისსამართლებრივი სფეროდან ამოვიდა იმის გამო, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი და არცერთი ჩარევა აქ არ მოხდება. ამის სამართლებრივი შედეგები არის ის, რომ ვინც ამ მუხლით ციხეში ზის, ავტომატურად თავისუფლდება,"- ამბობს იაგო ხვიჩია. 

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მარიხუანის ფლობაზე არ ვრცელდება, თუმცა როცა სასამართლო ამბობს, რომ მარიხუანის მოხმარება არის ადამიანის უფლების ნაწილი, "მაშინ ამ უფლების ნაწილს ვერ დავტოვებთ გარანტიების გარეშე". ხვიჩიას თქმით, თუ ეს უფლებაა, ადამიანს ერთი ლეგალური გზა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ამ უფლებით ისარგებლოს.

"რაც შეეხება ფლობას, კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება, ზოგადად, მაგრამ როდესაც სასამართლო ამბობს, რომ ეს არის თავისუფალი განვითარების უფლება, ავტომატურად დგება დღის წესრიგში ის, რომ ამ უფლების რეალიზაციისთვის ადამიანს ხელი არ შევუშალოთ, ანუ რაღაც საშუალება მივცეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი გონივრული ნაბიჯი მთავრობისგან და პარლამენტისგან არის ის, რომ რაღაც გზით მოხდეს მოსაწევის კანონიერი შეძენა. შეიძლება, ეს იყოს სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება ან სხვა რამ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება,"- განმარტავს იაგო ხვიჩია. 

დღეს, 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ "პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს". 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივპასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობისმიუხედავად.

დავის საგანი სწორედ კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი იყო. კერძოდ, სიტყვების  „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის აზრით კი, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის ამ უფლებას ზღუდავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სარჩელი გივი შანიძემ შეიტანა, მას სამართლებრივ დახმარებას პარტია გირჩი უწევდა.

აღსანიშნავია, რომ 70 გრამზე მეტი მარიხუანას ფლობა სასჯელის სახით კვლავ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები