საქართველო-რუსეთი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა.ისინი 4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაში სამი მღვდელმთავარია და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ იქნება შეხვედრა. შეხვედრა სამუშაო ჯგუფზე იქნება თუ არ იქნება, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დავაყენებთ ჩვენ ამ [აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის] საკითხს ნებისმიერ შეხვედრაზე. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

რუსეთის ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიწვეული, თუმცა, ის ჯანმრთელობის გამო, რუსეთში ვერ წავიდა.

კომენტარები