სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: გარემოს დაცვასა და დაზვერვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რადგან დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. კობახიძის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა გარემოს სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით არსებობს. 

"ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომელიც საჭიროებს დროს და კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე საჭირო გახდა განხილვის გადადება. მომდევნო კვირაში დავუბრუნდებით ჩვენ აუცილებლად ამ საკითხს. რა თქმა უნდა, აქტურალურია ისეთი საკითხები, როგორიც არის სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ არის განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ასევე აზრთა სხვადასხვაობა არის დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და ამის შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას." - ამბობს კობახიძე. 

პრემიერმა კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები 13 ნოემბერს წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, ოთხმა უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროებს უერთდება. მათ შორის: ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

შეიცვალა რამდენიმე მინისტრიც. გიორგი გახარია ინიშნება შსს მინისტრად, ამავდროულად ის ვიცეპრემიერის პოსტს მიიღებს; მამუკა ბახტაძე ინიშნება ფინანსთა მინისტრად, ხოლო ეკონომიკის მინისტრის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იქნება. 

დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო.

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს. 

კომენტარები