სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურატურა: არცერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი ჩვენი მუშაკი არაა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხორავას ქუჩაზე გარჩევისას მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით გამოძიებას ხელი ეშლება.

„უპირველეს ყოვილსა ხაზი უნდა გაესვას იმ გარეომებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ინციდენტის ერთერთი მონაწილის (ინიციალებით ა.ს.) მშობელი მართლაც არის პროკურატურის თანამშრომელი, „თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ქონდეს“.

უწყება ირწმუნება, რომ დამნაშავის ნათესაური კავშირები „ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან“.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უწყება კანონით შეზღუდულია, გაავრცელოს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

კომენტარები