სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მიხეილ ჩხენკელი: საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის როლი გაძლიერდება

imedinews.ge

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება. 

"უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება." - აღნიშნა ჩხენკელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. 

ჩხენკელის განცხადებით, განათლების სამინიტრო დანაშაულის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლებს.

"ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ უცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ." - განმარტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესში დანაშაულის პრევენციის მიზნით აქტიურად ჩაერთვებიან ფსიქოლოგებიც. 

"24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი. ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები." - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილ არასრულწლოვანთა მშობლებსაც მიუსამძიმრა. 

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე დააკავეს, ხოლო მეორე - მიმალვაშია. ასევე, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები