მთავარი პროკურატურა: უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ინფორმაცია არ მიგვიღია

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, უწყებაში ამბობენ, რომ მათ უკრაინისათვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე შუამდგომლობა ისედაც გაგზავნილია. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია." - ამბობს პროკურატურის პრესასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცოტა ხნის წინ დააკავეს. უკრაინული მედიით პირდაპირ ეთერში გადაიცა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილს სპეცრაზმის წევრები სახურავზე აკავებენ. სააკაშვილის facebook გვერდზე დაიწყო პირდაპირი ეთერი, რომელშიც ასახულია თუ როგორ გაყავთ სამართალდამცავებს ის შენობიდან. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები