მიხეილ სააკაშვილი

ბიბილაშვილი: პოროშენკო და ივანიშვილი საკუთარი ხალხების ზურგს უკან გარიგდნენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და პეტრო პოროშენკო გარიგდნენ, რათა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც "ჩვეულებრივი, უბრალო, კანონმორჩილი ხალხითვის იბრძვის, რაღაცნაირად მოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას".

ამის შესახებ ბიბილაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტირუსული, ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. ეს არის ადამიანი, რომლისაც ეშინია ყველა მოღალატეს, ყველა კორუფციონერს, ყველა ოლიგარქს. ამაში საერთო ენა გამონახეს ზაფხულიდან მოყოლებული პოროშენკომ და ივანიშვილმა და დღეს ისინი თანამშრომლობენ საკუთარი ხალხების ზურგს უკან, რუსეთის და თავისი კორუფციული კლანების ინტერესებში, იმისთვის, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი, უბრალო, კანონმორჩილი ხალხითვის იბრძვის, რაღაცნაირად მოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას. ამაში უშუალოდ არის ჩართული ქართული ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს", - აცხადებს ენმ-ის წევრი.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯომარის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან და და ოლიგარქები ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.

"არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ოლიგარქები მიიღებენ ადეკვატურ პასუხს უკრაინელი და ქართველი ხალხისგან. ამას წყალი არ გაუვა. ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ იქ თავისთვის ზის, ხეებს ეზიდება, ჩვენს ეკოსისტემას გლიჯავს და ხალხი ჭურში ვზივართ. ის პასუხს აგებს ყველა დანაშაულზე, რაც მას მიუძღვის ხალხის წინაშე და დიახ, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ის არის უშუალოდ ჩართული", - ამბობს ბიბილაშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ არის დიქტარორი.

"ამით პოროშენკომ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, მან ამით თქვა, რომ არის დიქტატორი, დაასრულა იანუკოვიჩიზაციის გზა. ის დღეს უკვე არის იანუკოვიჩი. ადამიანი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, ის უფრთხის პოლიტიკურ ოპოზიციას და აპატიმრებს იმიტომ, რომ სხვა პასუხი მას არ გააჩნია. იგივე ბედი ელის საქართველოში ივანიშვილს", - თქვა ბიბილაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს, 5 დეკემბერს დააკავეს. უკრაინული მედიით პირდაპირ ეთერში გადაიცა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილს სპეცრაზმის წევრები სახურავზე აკავებენ. სააკაშვილის facebook გვერდზე დაიწყო პირდაპირი ეთერი, რომელშიც ასახულია თუ როგორ გაყავთ სამართალდამცავებს ის შენობიდან. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, უწყებაში ამბობენ, რომ მათ უკრაინისათვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე შუამდგომლობა ისედაც გაგზავნილია. 

კომენტარები