თურქეთი

ერდოღანი: იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადება მუსლიმებისთვის წითელი ხაზია

Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით დონალდ ტრამპის გეგმა, გამოაცხადოს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად მუსლიმებისათვის "წითელი ხაზია" და შესაძლოა პასუხად ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც მოჰყვეს.

მისივე თქმით ის ისლამური კოოპერაციის ორგანიზაციის ქვეყნების სამიტს მოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას აქტიურად განიხილავს.

მაიკ პენსის თქმით ახლა მხოლოდ ის რჩება გასარკვევი, როდის და როგორ მოხდება საელჩოს გადატანა.

ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა გაეროში ისრაელის მისიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

საელჩოს გადატანის შესახებ განხილვა მიმდინარე წლის ივნისშიც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპმა საელჩოს თელ ავივიდან გადატანაზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელსაც ვადა ერთ თვეში გასდის და შესაბამისად უნდა გადაწყდეს გააგრძელებს თუ არა ტრამპი დოკუმენტის ვადას, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ რათა რეგიონში სიტუაციის გამწვავება აერიდებინათ თავიდან.

აშშ-ის კონგრესის მიერ 1995 წელს მიღებული იერუსალიმის საელჩოს აქტი საელჩოს იერუსალიმში გადატანას მოითხოვს, თუმცა მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტები უარის თქმის შესახებ დოკუმენტს იყენებენ, რათა გადაწყვეტილებამ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებებს ხელი არ შეუშალოს.

კომენტარები