მიხეილ სააკაშვილი

ლუცენკო: სააკაშვილმა კიევში საპროტესტო აქციების მოსაწყობად ფული რუსეთისგან მიიღო

Василий Артюшенко, ZN.UA

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა უკრაინაში საპროტესტო აქციების გამართვისთვის დაფინანსება რუსეთისგან მიიღო. ლუცენკოს თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დროულად მოახერხეს კიევში "რუსული ზამთრის" მოწყობის გეგმის ჩაშლა. 

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ გეგმის ერთი ნაწილია. დღესვე შემიძლია დავაანონსო, რომ გაგრძელება იქნება. სხვა ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსებიც არიან ამ ამბავში გარეული და უფრო საშიშ თამაშში ჩართული." - განაცხადა გენ.პროკურორმა. 

იური ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა $500 000 ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსგანაც მიიღო. გენპროკურორის განცხადებით, უკრაინელ სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ აუდიო-ვიდეო მასალა, რომელზეც სააკაშვილისა და კურჩენკოს ფინანსური გარიგებებია აღბეჭდილი და ამ გარიგებებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობს. 

ლუცენკომ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 6 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის ელექტრონული სამაჯურით 24-საათიანი შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

დღეს სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრეს, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებმა ქუჩა გადაკეტეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლება შეძლეს. ამ წუთებში ის რადას შენობის წინ სიტყვით გამოდის და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. ბრალდება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები