ბიუჯეტი 2018

სამინისტროების შემცირების მიუხედავად, მთავრობის ხარჯები 56 მილიონით იზრდება

ტაბულა

ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარმოადგინა, რომელშიც სამინისტროების შემცირება არის ასახული. 2018 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტი 12,459,500,000 ლარით არის განსაზღვრული, რაც ბიუჯეტის აქამდე არსებულ ვერსიას 56,200,000 ლარით აღემატება. შესაბამისად, მთავრობის სტრუქტურული ცვლილების მიუხედავად, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მთავრობის შენახვა 56 მილიონი ლარით უფრო ძვირი დაუჯდებათ.

რა მცირდება და რა იზრდება

საინტერესოა, რომ იმ უწყებების მიმართულებით, რომლებიც ერთიანდებიან ბიუჯეტის საგრძნობი შემცირება შეიმჩნევა, თუმცა ამ შემცირების მიუხედავად, ზოგიერთი უწყების და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება იზრდება, რაც მთლიანობაში შემცირების მაჩვენებელს აჭარბებს. ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოს მიერ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინის შეძენაა, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონით იზრდება.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანების შედეგი 47-მილიონიანი ეკონომიაა

სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუერთიანდება. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა თითქმის სრული შემადგენლობა ახალ სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას. საინეტერსოა, რომ გაერთიანებული უწყების ბიუჯეტი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ცალკე აღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია. 

ოპტიმიზაციამდელი ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტები და შტატების რიცხვოვნობა ასე გამოიყურებოდა:

  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 45.9 მილიონი, 2 203 დასაქმებული
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 276 მილიონი, 1 377 დასაქმებული

გაერთიანების შემდეგ მიღებული უწყების ბიუჯეტი და საშტატო რიცხვოვნობა ასეთია:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 274 მილიონი, 3 568 დასაქმებული

ეს კი ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამინისტროში იმუშავებს 12 ადამიანით უფრო ნაკლები, ვიდრე ცალ-ცალკე არსებულ უწყებებში იმუშავებდნენ, ხოლო გაერთიანებული უწყების შენახვა კი დაჯდება იმაზე 47.2 მილიონით უფრო იაფი, ვიდრე ცალკე აღებული სამინისტროების შემთხვევაში მოხდებოდა.

ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილის გაერთიანების შედეგი 152-მილიონიანი ეკონომიაა

ყველაზე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეკონომია ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილის გაერთიანებით მიიღწევა.

ოპტიმიზაციამდელი ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტები და შტატების რიცხვოვნობა ასე გამოიყურებოდა:

  • ეკონომიკის სამინისტრო - 251 მილიონი, 788 დასაქმებული
  • ენერგეტიკის სამინისტრო - 131 მილიონი, 135 დასაქმებული
  • გარემოს დაცვის სამინისტრო (აღნიშნული სამინისტრო 95%-ზე მეტად სოფლის მეურნეობას შეუერთდება)

გაერთიანების შემდეგ მიღებული უწყების ბიუჯეტი და საშტატო რიცხვოვნობა ასეთია:

  • ეკონომიკის სამინისტრო - 229.5 მილიონი, 929 დასაქმებული

შესაბამისად, გაერთიანებული უწყება დახარჯავს 152 მილიონი ლარით უფრო ნაკლებს, ვიდრე ამას ცალკე აღებული უწყებები დახარჯავდნენ. 

კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანება 14.4-მილიონიან ეკონომიას იძლევა

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს უერთდება, რის შედეგადაც 14.4 მილიონიანი საბიუჯეტო ეკონომია მიიღწევა. საინტერესოა, რომ ახალ უწყებაში თანამშრომელთა რაოდენობა 7 ათასს აჭარბებს.

ოპტიმიზაციამდელი ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტები და შტატების რიცხვოვნობა ასე გამოიყურებოდა:

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 131 მილიონი, 6 762 დასაქმებული
  • სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო - 168.7 მილიონი, 346 დასაქმებული

გაერთიანების შემდეგ მიღებული უწყების ბიუჯეტი და საშტატო რიცხვოვნობა ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 285.3 მილიონი, 7 044 დასაქმებული

განათლების სამინისტროში სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილის ინტეგრირებით უწყების ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით იზრდება

გაერთიანებულ სამინისტროში საშტატო რიცხვოვნობა 64 კაცით იზრდება, ეს კი ნიშნავს, რომ ყოფილი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან დაუსაქმებელი არავინ დარჩება, რადგანაც უწყების 346 თანამშრომლიდან 282 კულტურის სამინისტროში გადადის, 64 კი განათლებაში.

ევროინტეგრაციის სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებით ხარჯები უცვლელი რჩება

ერთადერთი უწყება, რომლის სხვა სამინისტროსთან მიერთებითაც საბიუჯეტო ხარჯები უცვლელი რჩება არის ევროინტეგრაციის სამინისტრო. გაერთიანებული სამინისტრო ამ ორი უწყების ბიუჯეტისა და თანამშრომელთა რაოდენობის მექანიკურ ჯამს წარმოადგენს.

გაერთიანებამდე ამ სამინისტროების ბიუჯეტები ასე გამოიყურებოდა:

  • ევროინტეგრაციის სამინისტრო - 2.9 მილიონი, 60 დასაქმებული
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 118 მილიონი, 775 დასაქმებული

გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი:

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 120.9 მილიონი, 835 დასაქმებული

რომელი უწყებების დაფინანსება იზრდება:

  • თავდაცვის სამინისტროს ზრდა - 100 მილიონი ლარი
  • სასჯელაღსრულების სამინისტროს ზრდა - 5 მილიონი ზრდა
  • ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემი ტრანსფერი - 48 მილიონი ზრდა
  • დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შემოღება - 80 მილიონიანი ზრდა
  • ბიუჯეტის მუხლი საერთოსახელმწიფოებრივი გადასახდელები - 128-მილიონიანი ზრდა

კომენტარები