სტრუქტურული ცვლილებები

დანელია: სამინისტროს სახელი სოფლის მეურნეობით უნდა იწყებოდეს და არა გარემოს დაცვით

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/DaneliaOfficial

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე და ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აკრიტიკებს მთავრობის კანონპროექტს, რომლითაც გაერთიანებული სოფლის და გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი, არა სოფლის მეურნეობით, არამედ გარემოს დაცვით იწყება. დანელიას შეფასებით ეს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია."

"სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია და საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ სასიცხოხლო მნიშვნელობის, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს სოფლის მეურნეობა და შემდეგ გარემოს დაცვა", - ამბობს დანელია.

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, უმრავლესობის შენიშვნები სამინისტროების სახელებზე "ცისფერ მთებში" ორი სათაურის შესახებ დავას ჰგავს.

ბიუჯეტის მიხედვით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებით 47 მილიონი ლარი დაიზოგება.

სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა თითქმის სრული შემადგენლობა ახალ სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას. საინეტერსოა, რომ გაერთიანებული უწყების ბიუჯეტი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ცალკე აღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია. 

ოპტიმიზაციამდელი ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტები და შტატების რიცხვოვნობა ასე გამოიყურებოდა:

  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 45.9 მილიონი, 2 203 დასაქმებული
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 276 მილიონი, 1 377 დასაქმებული

გაერთიანების შემდეგ მიღებული უწყების ბიუჯეტი და საშტატო რიცხვოვნობა ასეთია:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 274 მილიონი, 3 568 დასაქმებული

ეს კი ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამინისტროში იმუშავებს 12 ადამიანით უფრო ნაკლები, ვიდრე ცალ-ცალკე არსებულ უწყებებში იმუშავებდნენ, ხოლო გაერთიანებული უწყების შენახვა კი დაჯდება იმაზე 47.2 მილიონით უფრო იაფი, ვიდრე ცალკე აღებული სამინისტროების შემთხვევაში მოხდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ქებურია

კომენტარები