სტრუქტურული ცვლილებები

პარლამენტმა სტრუქტურული ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 99 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ცვლილების შედეგად 4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, საქართველოში არსებული სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი უერთდება, სპორტის ნაწილი კი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი. 

უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუსის და საგარეო დაზვრევის სამსახურის გაერთიანება აღარ მოხდება.

კომენტარები