ბიუჯეტი 2018

IMF: საქართველოს მთავრობამ მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა შეზღუდოს

საერთასორისო სავალუტო ფონდი
Reuters

"ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის დამატებითი კაპიტალის მიწოდება," - წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა განცხადებაში, რომელიც დაგეგმილ რეფორმებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტსაც ეხება.

IMF- ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ის გარკვეული რისკების ქვეშ მაინც იმყოფება, რის გამოც ფონდი ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს:

"საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა. გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს. საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.

2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა კაპიტალური ხარჯი იზრდება. ამის მისაღწევად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების, ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება", - წერია ფონდის დირექტორთა საბჭოს განცხადებაში.

ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 2018 წელს საქართველოს მთავრობა რეკორდული თანხის - 12.4 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ თანხიდან 1.4 მილიარდი ლარი საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე დაიხარჯება.

კომენტარები