დემირელის კოლეჯი

სახალხო დამცველი: დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოა

Private Demirel College

საქართველოს სახალხო დამცველი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

შესაბამისი რეკომენდაციით ომბუდსმენმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 30 ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან.

ომბუდსმენის შეფასებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმა მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების დროს არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი.

„დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტთა მითითებას მაშინ, როცა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ფაქტების შეფასება, ხშირ შემთხვევაში, სცილდება სტანდარტის შესაბამისი პირობის ფარგლებს, რამდენიმე ფაქტი კი, სამართლებრივად არასწორად არის შეფასებული. ამასთან, საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის. ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, ავტორიზაციის რომელი სტანდარტის დარღვევად განიხილავს საბჭო შესაბამის ფაქტობრივ გარემოებას მაშინ, როცა ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომი თითოეული სტანდარტის ცალ-ცალკე დაკმაყოფილებაა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხახებაში.

ომბუდსმენის აზრით, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა-შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას საბჭოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება პირდაპირ ავალდებულებს.

„გასათვალისწინებელია, რომ საბჭოსთვის პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა, მეტწილად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და იგი არ წარმოადგენს სადამსჯელო მექანიზმს. ავტორიზაცია უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას. მისი მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ორიენტირებული განათლების სფეროში არსებული ეროვნული მიზნების მიღწევაზე და რამდენად იძლევა მისი რესურსები აღნიშნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. დაწესებულების გარე შეფასების აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს სკოლის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშემწყობ საშუალებას და გამიჯნულია წმინდა ადმინისტრაციული შემოწმებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაცია სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდეს, რასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საკითხის განხილვის პროცესი გასცდა“, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემირელის კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა, 2017 წლის 30 აგვისტოს გაავრცელა.

უწყების ცნობით, დემირელის სკოლას ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუვიდა და თავიდან ჰქონდა განაცხადი შეტანილი. 

აღსანიშნავია, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციოპატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 3 თვის ვადით გაახანგრძლივა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ კი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ. 

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულაგიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის სკოლის ფილიალს - შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რაც ორგანიზაცია TDI-მ არაკონსტიტუციურად შეაფასა. იქამდე, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კომენტარები