სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პრემიერი სისხლიან გარჩევაზე: შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც გამოგვრჩა

ტაბულა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა არასრულწლოვნების დაპირისპირებას ხორავას ქუჩაზე. პრემიერის თქმით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია,"- თქვა პრემიერმა. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს გუშინ, 4 დეკემბერს, ჩაბარდა.

კომენტარები