ნასას ასტრონავტი საქართველოში

ინტერვიუ ნასას ასტრონავტ ჰაიდი ფაიფერთან ღია კოსმოსში ყოფნის გამოცდილების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: NASA

აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ნასას ყოფილი ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ჩამოვიდა. ჰაიდი მერვე ქალია, ვინც ღია კოსმოსში გავიდა. მას ღია კოსმოსში ჯამში 34 საათი აქვს გატარებული და ამ მაჩვენებლით ასტრონავტებს შორის 39-ე ადგილზეა.

ჰაიდი ფაიფერმა ნასაში 1996 წელს დაიწყო მუშაობა. 2006 წელს კოსმოსური ხომალდით „ატლანტიდა“, ხოლო 2008-ში „ენდევერით“ გაფრინდა კოსმოსში.

ტაბულამ ჰაიდი ფაიფერს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე?

ჯერ-ჯერობით ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს. დღეს დილით მქონდა თავისუფალი დრო და შესაძლებლობა, რომ გამესეირნა ქალაქში. საკმაოდ მოვიხიბლე, ძალიან ლამაზი ქალაქია, ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან ვისიამოვნე.

რა არის ყველაზე კარგი ასტრონავტობაში?

უნდა ვთქვა, რომ ასტრონავტობის საუკეთესო ნაწილი არის კოსმოსში ფრენა. ვერაფერი შეედრება უწონადობის, დედამიწის შემოფრენის, დედამიწაზე დახედვის და ჩვენი ლამაზი პლანეტის დანახვის გამოცდილებას. ეს არის ყველაზე კარგი ასტრონავტობაში.

შეგიძლიათ შეადაროთ ღია კოსმოსში გასვლის გამოცდილება რაიმეს?

ეს ძალიან ჰგავს ყვინთვას, განსაკუთრებით როცა ღამეა. როდესაც ჩემი პირველი ღია კოსმოსში გასვლის დროს გამოვედი ლუქიდან ღამე იყო და ძალიან ჰგავდა ღამით ყვინთვას, მაგრამ დიდი განსხვავება იყო, რა თქმა უნდა, სკაფანდრი რომელიც გაცვია არის განსხვავებული და შეგრძნებაც იყო განსხვავებული, წყალი არ იყო გარშემო რომ შეებრკოლებინა შენი მოძრაობები და ასევე როდესაც მზე ამოდის და შეგიძლია დაინახო დედამიწა შენს ქვევით, ამას უკვე აღარაფერი აქვს საერთო ყვინთვასთან. შთამბეჭდავი ხედია.

რა იყო ყველაზე რთული თქვენთვის როგორც ქალი ასტრონავტისათვის?

როგორც ქალისთათვის, ყველაზე რთული ნაწილი იყო ვარჯიში ღია კოსმოსში გასვლისათვის. ჩვენ ვვარჯიშობთ წყლის ქვეშ, იმიტომ, რომ წყალქვეშ ყოფნა, ნეიტრალური ტივტივის მდგომარეობაში რაც ნიშნავს, რომ არც ზედაპირზე ტივტივებ და არც იძირები, არის ყველაზე ახლოს ნულოვან გრავიტაციასთან, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ დედამიწის პირობებში, მაგრამ იმიტომ, რომ შენ აუზში ხარ და გრავიტაცია მაინც არის, გარშემო წყალი გაქვს და წყლის წნევას უნდა გაუმკლავდე. ფიზიკურად ეს ძალიან დამღლელია. ჩვენი ღია კოსმოსში გასვლები გათვლილია 6 საათნახევარზე, ამიტომ ჩვენი ვარჯიშის სესიები გრძელდება 6 საათი და ეს ძალიან რთულია ფიზიკურად, იყო ამ ვეებერთელა სკაფანდრში ამხელა დროის განმავლობაში, ასე რომ, ეს იყო ასტრონავტობის ყველაზე რთული ნაწილი.

რას ურჩევდით იმ ბავშვებს, ვინც ასტრონავტობაზე ოცნებობს?

ჩემი რჩევა ბავშვებისათვის იქნება, რომ დარჩნენ სკოლაში, ისწავლონ ყველაფერი რაც შეუძლიათ, მაგრამ განსაკუთრებით მათემატიკა და მეცნიერება. მათემატიკა და მეცნიერება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გახდე ასტრონავტი იმიტომ, რომ პირველი რასაც ნასა უყურებს არის ტექნიკური ბაზა, ამიტომ უნდა დარჩე სკოლაში, უნდა ისწავლო ძალიან ძალიან ბეჯითად, უნდა წახვიდე უნივერსიტეტში, უნდა იყო საუკეთესო. გასულ წელს ნასამ აარჩია ახალი ასტრონავტები. მათ აარჩიეს 12, თუმცა ჰქონდათ 18 000 აპლიკაცია, ასე რომ, ბევრს სურს ასტრონავტობა და ნასა აირჩევს მხოლოდ საუკეთესოებს. ასე რომ, თუ გსურს ასტრონავტობა უნდა იყო საუკეთესო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი: სააკაშვილი მუხლებზე არასდროს არ დადგება

კომენტარები