მანდატურის სამსახური

გახარია: რაღაც მომენტში, მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის ბმა გაწყდა

გიორგი გახარია
ეკონომიკის სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მანდატურის სამსახური უფრო ეფექტური უნდა გახდეს, “ხოლო მანამდე, ვიდრე ეს მოხდება, უსაფრთხოების ზომების დასაცავად სკოლებთან საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული”. შს მინისტრის თქმით, "სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა".

"ამ ამსახურის იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ ჩვენ ახლა მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის მანდატურების საქმიანობის ეფექტიანობას. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იქნება და ყველა შესაძლებელ რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული,"- განაცხადა მინისტრმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ახდენდეს დანაშაულის პრევენციას.

"ჩვენ ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან, ან კიდევ სხვა რაღაცასთან. მიუხედავად იმისა, რომ მანდატურის სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მისი ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს პრევენცია და არა შსს-სთან მჭიდრო ურთიერთობა. ეს უნდა იყოს ძირითადი ამოსავალი წერტილი - ასეთი კავშირი უნდა არსებობდეს,"- თქვა გახარიამ. 

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ამის შემდეგ გახდა აქტუალური სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი. მანდატურის სამსახურის მეტი ეფექტურობისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო.

კომენტარები