თბილისის მერია

კალაძე: ვინმე უკმაყოფილო რომ არ დამრჩეს, სამუშაო ჯგუფი ხალხს კვირაში 2-ჯერ მოუსმენს

ქართული ოცნება

კახა კალაძის ინიციატივით, იმისთვის, რომ რომელიმე მოქალაქე "უკმაყოფილო ან განაწყენებული არ დარჩეს", თბილისის მერიაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები მოსახლეობას კვირაში ორჯერ შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ. ამის შესახებ თბილისის მერმა 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ყოველდღიურად, დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება, ასევე, ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი პირადადაც მიკავშირდება, ფეისბუქზე, მერიის ფეისბუქზე უამრავი მოთხოვნაა. ბუნებრივია, ფიზიკურად არ მეყოფა დრო იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს შევხვდე. იმის გამო, რომ არ მინდა, რომელიმე მათგანი დამრჩეს უკმაყოფილო ან განაწყენებული და სწორი ფორმა მიეცეს ამ ყველაფერს, ასევე, იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია კიდევ უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება,“- აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება. სპეციალური ჯგუფის წევრები მოსახლეობას ხუთშაბათს, დილის 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 13:00-18:00-მდე მოუსმენენ.

კომენტარები