კახა კალაძე

კალაძე: საახალწლო კონცერტები გაიმართება გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში

ენერგეტიკის სამინისტრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქში ნაძვის ხე 15 დეკემბრიდან განათდება, ხოლო სადღესასაწაულო კონცერტები თბილისის სამ რაიონში ჩატარდება.

"დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს თბილისელებს და ჩამოსულ სტუმრებს. წელს, პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში: გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში,"- განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც უამრავი გასართობი სივრცე იქნება.

"დედა ენის ბაღში განთავსდება საახალწლო ქალაქი, სადაც 2 კვირის მანძილზე გაიმართება კონცერტები, საახალწლო მსვლელობები, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინო-თეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და კიდევ ბევრი გასართობი სივრცე გაჩნდება ამ საოცარ ქალაქში,"- თქვა კალაძემ. 

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა იმ სტერეოტიპის შესახებაც, როდესაც კონცერტებზე პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა მომღერლების არჩევა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი მომღერალი. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედეულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა, ან არმოწვევა საახალწლო კონცერტებზე და ეს მავნე პრაქტიკა პირდად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის მიუღებელი. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი თქვენთვის საყვარელი მომღერალი იმღერებს,"- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები