ფიზიკური დაპირისპირება სკოლაში

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მე-9 კლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

რუსთავის #22 საჯარო სკოლა

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მე-9 კლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ცემის ნაწილით. მათივე ინფორმაციით, ნაცემი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამჟამად სახლში იმყოფება. 

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე ცხვედაძის ინფორმაციით კი, მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ერთმა ბავშვმა მეორეს - "უბრალოდ ერთი დაარტყა".

”ჩემი ინფორმაციით, შესვენებაზე, საკლასო ოთახში ერთმა ბავშვმა გაიარა მერხებს შორის და მეორეს ჩაარტყა ხელი. ეს დარტყმა იყო ცუდ ადგილას, როგორც ჩანს, ფილტვთან ახლოს. მანდატური დერეფანში იყო და როგორც კი დაუძახეს, რომ ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაშინვე მივიდა და პირველადი დახმარებაც კი აღმოუჩინა. ძალიან იაქტიურა მანდატურმა. ამის შემდეგ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პატრულიც იყო მოსული. გადაიყვანეს ბავშვი კლინიკაში, გაუკეთდა რენტგენი, რომ ყველაფერი გამორიცხულიყო. ვესაუბრე მშობელს და ბავშვი უკვე სახლშია. რენტგენმა კარგი პასუხი აჩვენა. ძალიან კარგი კლასია, ყველა აღიარებს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ერთი დაარტყა და ცუდ ადგილას მოხვდა. პატრულიც მოვიდა, თუმცა არ იყო არანაირი კრიმინალი, შესაბამისად, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა. რაც მთავარია, ბავშვი კარგად არის. რაიმე საგანგაშოს ამას ვერ დავარქმევთ" - ამბობს ინტერპრესნიუსთან საუბარში სკოლის დირექტორი.

კომენტარები