ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის ფულის გამოძალვისთვის 2 პირი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2016 წლის აგვისტოში წვრთნებისას ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ყალბი ინფორმაციის შემცველი, თითქოსდა ცოცხლად გადარჩენილი სამხედრო მოსამსახურის სახელით დაწერილი არაერთი წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელის პირადი საჭიროებისთვის, მოტყუებით ითხოვდნენ 39 000 აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ბ და გ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ-ს 7 წლით, ხოლო გ.ხ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე განაჩენით სასამართლომ მესამე ბრალდებული ჯ.შ., რომელსაც ბრალი ასევე 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, უდანაშაულოდ ცნო" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე, განაჩენის მიღების შემდგომ, ჯ.შ.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კომენტარები