საჯარო ინფორმაცია

საია: იუსტიციიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი 11 თვის დაგვიანებით მივიღეთ

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, პასუხი 10 დღის ნაცვლად, 11 თვის შემდეგ მიიღეს. საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 დღეს შეადგენს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ღია მმართველობის
პარტნიორობის (OGP) პრინციპებთანაც. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო
პარტნიორობას 2011 წელს შეუერთდა, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში, OGP-ის
თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობას“ კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს და სწორედ ის წარმოადგენს ქვეყანას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე." - წერა განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ინფორმაციის გაცემა მიმდინარე წლის დეკემბერში, სავარაუდოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკურ მონაცემებში სამინისტროსთვის სასურველი შედეგის ასახვას ემსახურება.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერმინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაციის ანგარიში (ე.წ 10 დეკემბრის ანგარიში). ანგარიშში, მათ შორის, აღნიშნული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ განცხადებებზე 11 თვის დაგვიანებით პასუხის გაცემა „10 დეკემბრის ანგარიშის“ სტატისტიკურ მონაცემებში სამინისტროსთვის სასურველი შედეგის ასახვას ემსახურება და არა ადმინისტრაციული ორგანოს გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის დაცვას." - წერია განცხადებაში. 

კომენტარები