მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ენმ საერთაშორისო თანამეგობრობას: მოვითხოვოთ, შეწყდეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გუშინ, 8 დეკემბერს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. 

პარტია თავისუფალი სამყაროს ლიდერებს მოუწოდებს, ღიად გამოხატონ თავიანთი პოზიცია სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება. 

გთავაზობთ პარტიის მიმართვას, რომელიც დღეს პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღეს

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა.  ამგვარი ქმედება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე.

ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული.

მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაპატიმრებამდე განხორციელებული უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.  აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ  პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან.

ჩვენ მკაფიო პოზიციაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება.

თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა.  მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა  ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს.

მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია.  ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და  შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისულფლება მიიღებს  სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამავდროულად, ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - წერია განცხადებაში. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.

სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

კომენტარები