საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს. გადაწვეტილებას ამის შესახებ დღეს მიიღებენ. წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე დავით ასათიანი გავიდა.

"მონაწილეობს იღებდა ათზე მეტი კანდიდატი. ხმათა უმრავლესობით, პირველ ადგილზე გახლავთ დავით ასათიანი, მეორე ადგილზე ლევან ჯანაშია, მესამე ადგილზე დავით ლანჩავა. საბოლოო შედეგები დღეს იქნება შემაჯამებელ ოქმში, რადგან ამ დროისთვის დათვლილ ხმებში შესაძლოა იყოს მცირე ცვლილებები", - აცხადებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ივანე პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილი განმარტავს, რომ ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობის უმრავლესობის შესაბამისად, თუმცა წესდებაში ზუსტად არ არის გაწერილი, რა იგულისხმება დამსწრეში.

ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, კანონისა და წესდების მოთხოვნა გათვალიწინებული იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ დავით ასათიანმა გაიმარჯვა საგრძნობი უპირატესობით, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგები თუ დარჩება, მეორე ტური უნდა ჩატარდეს დღეიდან ორი კვირის განმალობაში. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის წესდების მოთხოვნა და ადვოკატთა ასოციაცია ვალდებული იქნება კანონისა და წესდების მოთხოვნა შეასრულოს", - აცხადებს ხატიაშვილი.

მეორე ტურისთვის მზადყოფნას გამოთქვამს დავით ასათიანიც.

"ჩვენ მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს გავასწარით 500 ხმით და მივიღეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე საერთოდ ყველა კონკურენტმა ერთად. დაველოდებით საბოლოო შედეგებს. კანონში არის ინტერპრეტაციის საშუალება, მაგრამ, პროფესიული და ადვოკატთა ასოციაციის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც არ გადავიტანთ ამ საკითხს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, ჩვენ წავალთ მეორე ტურზე და გავიმარჯვებთ მეორე ტურში", - აცხადებს ასათიანი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გუშინ, 9 დეკემბერს გაიმართა. წინასწარი შედეგებით, დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო.

ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო. 

კომენტარები