ახმედ ჩატაევის საქმე

კბილაშვილი ჩატაევზე: არავინ იცის რას ჩაიდენს ადამიანი სისხლის სამართლის საქმის მერე

0 კომენტარი

ყოფილი მთავარი პროკურორი არ აკონკრეტებს რატომ მოთხოვა 2012 წელს ახმედ ჩატაევის გათავისუფლება პროკურატურამ. არჩილ კბილაშვილის თქმით, "მიმართვა ემყარებოდა სისხლის სამართლის საქმის საფუძვლებს, ხოლო რაში მდგომარეობს ეს საფუძვლები, ამის გაცხადების უფლება ყოფილ პროკურორს არ აქვს".

კბილაშვილის განცხადებითვე, პროკურორი უნდა გამოვიდეს საქმეში არსებული მასალებიდან და არა იმ ვარაუდიდან, თუ რა იქნება "ხვალ, ზეგ, მაზეგ".

"როდესაც არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, პროკურორი უნდა გამოვიდეს საქმეში არსებული მასალებიდან და არა იმ ვარაუდით, რა მოხდება ხვალ, ზეგ და მაზეგ. არავინ ვიცით რომელი ადამიანი სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ რას ჩაიდენს. ამიტომ, კითხვის ის ნაწილი, სადაც საუბარია მან შემდგომ გააკეთა ერთი, მეორე, მესამე, ეს სრულიად არარელევანტურია, არაშეხებადია იმასთან მიმართებაში, რაც იყო სისხლის სამართლის საქმეში. სრული გამოძიების ჩატარების პირობებში, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული. იმისათვის, რომ გაეცეს კითხვაზე პასუხი რამდენად შეესაბამებოდა ეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გზა იქნება, შეფასდეს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღესაც არსებობს. ამ შემთხვვაში ამის გაკეთების უფლება აქვს პროკურორს. თუ მოქმედი პროკურორი მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები გასაჯაროვდეს, მაშინ უკვე ყველას შეეძლება სამართლებრივად შეაფასოს რაც მოხდა", - უთხრა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს.

ახმედ ჩატაევი 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 

ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, ახმედ ჩატაევი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 18 იანვარს კი, "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო", მთავარმა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 000 ლარიც უკან დაუბრუნდა. 2013 წლის ბოლოს მან ქვეყანა დატოვა, ორ წელიწადში კი, ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ს შეუერთდა.

2016 წლის ზაფხულში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში სავარაუდო ბრალდებულად ახმედ ჩატაევი გამოიკვეთა. 2017 წლის 1 დეკემბერს კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თბილისში, 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთერთი სწორედ ჩატაევია. როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა თქვა, ჩატაევმა სპეცოპერაციის დღეს თავი აიფეთქა, ორი პირი კი სპეცრაზმის მიერ იქნა ლიკვიდირებული. აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი.

ვრცლად ახმედ ჩატაევის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები