მიხეილ სააკაშვილი

კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს

newsone.ua

კიევში, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია დაიწყო.

"მარში იმპიჩმენტისთვის", - ასე ჰქვია აქციას, რომლის მონაწილეები ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბნენ და ამ წუთებში მაიდნისკენ მიემართებიან. ისინი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ.

NEWSONE-ს ინფორმაციით, კიევის პოლიციის პრესსამსახური ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ათასამდე პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი მორიგეობს. 

"უკრაინსკაია პრავდა" იტყობინება, რომ შევშენკოს პარკში დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა და მათ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძეც შეუერთდა.

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.

სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერსაც დააკავეს, კიევში, საკუთარ  სახლის სახურავზე, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. რის შემდეგაც ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მომხრეებმა რადასთან აქციების გამართვა დაიწყეს. უკრაინის შსს-მ კი მასზე ძებნა გამოაცხადა.

დღევანდელი, 10 დეკემბრის მარში მიხეილ სააკშვილმა დაგეგმა, თუმცა, დაკავების გამო, ის აქციას ვერ ესწრება.

კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს ხვალ, 11 დეკემბერს განიხილავს.

კომენტარები