აფეთქება ბათუმში

ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

0 კომენტარი
ფოტო: ირაკლი ძნელაძე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში 5 ადამიანი გადაიყვანეს, ორმა ადამიანმა კი სამედიცინო დაწესებულებას დამოუკიდებლად მიმართა.

"დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში 5 პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვი - ერთი წლის და შვიდი წლის. ხოლო შემთხვევის ადგილიდან ორმა მოქალაქემ კლინიკებს თვითდინებით მიმართა", - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ორმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

"ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ჩაუტარდებათ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები. შედარებით მძიმეა ერთ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მოთავსებულია ქალაქ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას დამწვრობა და ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნება", - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმში, ახვლედიანის, ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქება 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა, რომლებსაც დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები