მიხეილ სააკაშვილი

აქციის შემდეგ სააკაშვილის მომხრეებმა იზოლატორთან გადაინაცვლეს

facebook: Mikheil Saakashvili

კიევში, იმპიჩმენტის მარშის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორია მოთავსებული. 

ამავე შენობასთან "როშენის" მაღაზიაა, რომლის წილსაც, არსებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ფლობს. სააკაშვილის მხარდამჭერებმა მაღაზიაში შესვლა სცადეს, თუმცა სპეცრაზმმა, რომელიც შენობას ცოცხალი ჯაჭვით იცავდა, მათ ამის საშუალება არ მისცა. 

მანამდე კი ასობით ადამიანმა კიევში, ტარას შევჩენკოს სკვერიდან მაიდნამდე მსვლელობა გამართა. აქ სააკაშვილის მხარდამჭერებს სცენიდან სანდრა რულოვსმა მიმართა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება. ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის შინა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ მას ამ ინფორმაციის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ უნახავს. 

"სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ის ან გათავისუფლდება, ან დეპუტატების თავდებობით გირაოთი გამოუშვებენ, ან პატიმრობას შეუფარდებენ. ჩვენ მედიით გვესმის, პროკურატურა შინა პატიმრობაზე საუბრობს, თუმცა მე ამ ინფორმაციის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ მინახავს, ამიტომ მათ ვერ ვენდობით. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ და გავაპროტესტებთ ყველანაირ გადაწყვეტილებას, ვინაიდან სააკაშვილს არც ერთი კანონდარღვევა არ აქვს, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ყველანაირი გირაოს ან სხვა ტიპის ვალდებულების გარეშე" - ამბობს რუსლან ჩერნოლუცკი.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება. 

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერსაც დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის უმაღლეს რადასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციების გამართვა დაიწყეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მასზე ძებნა გამოაცხადა. რამდენჯრმე სცადეს აქციის დაშლაც.  

სააკაშვილის მომხრეებმა დღეს აქციების მთელი უკრაინის მასშტაბით გამართვა დააანონსეს, ასევე განაცხადეს, რომ იმპიჩმენტის მარში კიევში მომდევნო კვირასაც გაიმართება. 

კომენტარები