ვანო მერაბიშვილის საქმე

ესტონელი პარლამენტარები: მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ მერაბიშვილი

Reuters

ესტონეთის პარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი. მათი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივებისა და ოპონენტების დევნისთვის გამოიყენა, შეუთავსებელია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან.

სრულად გთავაზობთ ესტონელი პარლამენტარების მიმართვას:

"ესტონეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსაკენ სწრაფვის ურყევი მხარდამჭერი. ჩვენ მივესალმებით და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას და ვემხრობით მის ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას.

ნამდვილი მეგობარი გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ ამბობს მხოლოდ იმას, რისი გაგონებაც გვსურს, არამედ იმითაც, რომ ამბობს იმას, რისი გაგონებაც აუცილებელია. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.

2017 წლის 28 ნოემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ საბოლოოდ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მის ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ივანე მერაბიშვილთან მიმართებაში.

ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით საქართველომ მერაბიშვილის დაკავება და პატიმრობა გამოიყენა “უკანონოდ, მასზე ზეწოლის მოსახდენად“, უმთავრესად „ფარული მიზნით, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონვენციით“. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისათვის და ოპონენტების ჩასახშობად გამოიყენა.

ეს არ არის თავსებადი ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისაკენ პროგრესისათვის. კანონის უზენაესობა არის ევროპული ცხოვრების წესის ერთერთი ფუნდამენტი.შესაბამისად, ჩვენ მეგობრულად, მაგრამ მთელი სერიოზულობით მოგიწოდებთ ივანე მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების ნიშნად, რასაც ჩვენ ყველა უნდა ვიცავდეთ და ვუვლიდეთ".

წერილს ხელს აწერს ესტონეთის პარლამენტის ოთხი წევრი, ასევე ევროპარლამენტარი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2005-2014) ურმას პაეტი.

ადამიანის უფლებათა სასამართლომ დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

 

კომენტარები