კვლევა

კვლევა: დღის მანძილზე რამდენჯერმე 30 წუთამდე თვლემა აბედნიერებს

თითქოს ამაში ისედაც საკმარისად დარწმუნებულები არ ვყოფილიყავით, მეცნიერებმა მცირე ხნით თვლემასა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. 

ძილის კარგი რეჟიმი რომ ზოგადად ჯანმრთელობისთვის კარგია, როგორც პროდუქტიულობის გაზრდის თვალსაზრისით, ისე გულის დაავადებების რისკების შემცირების კუთხით, ისედაც ცნობილი ფაქტი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მცირეხნიან წაძინებასაც თავისი დადებითი მხარეები ახასიათებ და ამ მოვლენას საკუთარი სახელიც კი უწოდეს, რომელიც ქართულად, ალბათ, "თვლემიერებად" ითარგმნება [nappiness].

ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ უაისმენი ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, 30 წუთამდე წაძინება ფოკუსირებაში, პროდუქტიულობასა და კრეატიულობაში გვეხმარება.

"ეს ახალი აღმოჩენა, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ მცირე ჩათვლემით უფრო ბედნიერები შეიძლება ვიყოთ. თუმცა, ამასთან დიდხნიანი თვლემა ჯანმრთელობის რისკებთანაა დაკავშირებული,"- ამბობს უაისმენი. 

კვლევა, რომელიც ედინბურგის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალისთვის ჩატარდა, 1 000 მონაწილეს მოიცავდა, რომლებსაც ფსიქოლოგიური კითხვები დაუსვეს თვლემასთან დაკავშირებულ ჩვევებზე. მათი პასუხებიდან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად თვლემდნენ, ბედნიერების უფრო მაღალ ნიშნულს აჩვენებდნენ. 

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც დღის მანძილზე რამდენჯერმე მცირე ხნით თვლემდნენ, 5-ბალიან შკალაზე ბედნიერების 3.67-ს აფიქსირებდნენ მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ თვლემდნენ 3.52-ს, ხოლო ხანგრძლივი თვლემის მოყვარულები კი - 3.44-ს. 

                                 
                         მასალა მომზადებულია The Guardians-ზე დაყრდნობით.

კომენტარები