საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ISFED ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე: დარღვევებს ნების გამოხატვაზე გავლენა არ ჰქონია

პირველი რადიო

"სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, 9 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და კომისიების არჩევნების პროცესი პროცედურული დარღვევებითა და ტექნიკური ხასიათის ხარვეზებით წარიმართა.

"მნიშვნელოვან დარღვევად უნდა შეფასდეს არჩევნების დასრულებისას კომისიის ორი წევრისთვის ერთი და იმავე სახის რამდენიმე ბიულეტენის აღმოჩენა, მაგრამ ამ დარღვევის დროულად აღკვეთისა და ხმის დამთვლელი კომისიისა და კრების თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ყუთების დალუქვის შედეგად, აღნიშნული ბიულეტენების არამართლზომიერად გამოყენება არ მომხდარა და კენჭისყრის ლეგიტიმურობას საფრთხე არ შექმნია. ორგანიზაციის დაკვირვებით, მიუხედავად ხარვეზიანი პროცესისა, გამოვლენილ დარღვევებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია, საერთო კრების მონაწილეთა მხრიდან საკუთარი ნების გამოხატვაზე. 

საგულისხმოა, რომ საერთო კრების რეგლამენტში არ იყო გაწერილი საარჩევნო სისტემა მათ შორის არც ასოციაციის თავმჯდომარის არჩევის წესი, რამაც კომისიის დაბნეულობა გამოიწვია და ხმის დათვლის პროცესში საჭირო გახდა ასოციაციის წესდებისა და "ადვოკატთა შესახებ" კანონის შესაბამისი მუხლების განხილვა მეორე ტურის გამართვისა და გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის შესახებ. ამასთან ერთად, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ადვოკატთა შესახებ კანონით, ადვოკატთა ასოციაციის წესდებითა თუ საერთო კრების რეგლამენტით არ იყო გაწერილი არჩევნების დეტალური პროცედურები, რაც რიგ შემთხვევებში დაბნეულობას და არაორგანიზებულობას იწვევდა", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED-ის ინფორმაციით, კენჭისყრის ადგილას პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ იარუსებს შორის, სადაც დელეგატები რიგში იდგნენ კენჭისყრის ადგილზე შესასვლელად, გადატვირთულობა და ქაოსი შეინიშნებოდა.

"რიგები იდგა კენჭისყრის კაბინებთანაც, რადგან ბიულეტენებისა და მასში ასარჩევი კანდიდატების სიმრავლე დელეგატებისგან გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის დროს მოითხოვდა. ამ პროცესში შეინიშნებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ვინაიდან დელეგატების ნაწილი ხმას აძლევდა კენჭისყრის კაბინის გარეთ.

კენჭისყრის დარბაზში ამომრჩეველთა ნაკადი 19:35 საათისთვის შეწყდა. თუმცა, სხდომის თავმჯდომარემ, როგორც თავად განაცხადა, კანდიდატების თხოვნით, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათამდე გააგრძელა და განაცხადა, რომ 20:00 საათისთვის შენობის და დარბაზის კარები ჩაიკეტებოდა და ვერავინ შეძლებდა ხმის მიცემას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის დასრულების დროს, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე რამდენიმე ადგილზე ხმაური ატყდა.

"ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ლანჩავა და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ უნდა ჩამქრალიყო შუქი და საჭირო იყო საარჩევნო ყუთების დაცვა. ამ დროს კრების თავმჯდომარემ კომისიასთან ერთად დაიწყო ურნების სასწრაფო დალუქვა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის ოთახში ელექტროენერგია არ გამორთულა და პროცესის ხილვადობა არც-ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა", - აღნიშნავს ISFED-ი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო ურნების დალუქვის შემდგომ, 20:01 საათზე კომისიამ ერთ-ერთ დელეგატს ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში მოთავსების შესაძლებლობა არ მისცა, რამაც აღნიშნული დელეგატის პროტესტი გამოიწვია.

ამავე დროს, ერთ-ერთ კაბინაში შევიდა კომისიის ერთ-ერთი წევრი. გამოსვლისას კი მას ხელში რამდენიმე ერთი და იმავე ფერის ბიულეტენი ეკავა. ერთ-ერთი დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ, მასთან მივიდნენ კომისიის სხვა წევრები, რომლებმაც მას აღმოუჩინეს ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევი 3 ცალი ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო დავით ასათიანის კანდიდატურა. პარალელურად, ჩოჩქოლი შეინიშნებოდა საარჩევნო დარბაზის საპირისპირო კუთხეში, რა დროსაც ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირმა ჭკადუას განცხადებით მან თავმჯდომარის ასარჩევი რამდენიმე ბიულეტენი კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩანთიდან ამოაცალა, რომლებიც, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, შემოუხაზავი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის ამ ორი წევრიდან არცერთს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში არ ჩაუყრია, რადგან ინციდენტის დროს სხდომის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთებს უკვე ლუქავდა", - აღნიშნავს "სამართლიანი არჩევნები".

ISFED-ის ინფორმაციითვე, არაორგანიზებული იყო თავად საარჩევნო კომისიის საქმიანობა. კერძოდ კი, არ აღირიცხებოდა საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და, შესაბამისად, ცნობილი არ იყო რამდენი ბიულეტენი იყო გაცემული კომისიის რეგისტრატორ წევრებზე. 

"კენჭისყრის დასრულებისა და უბნის დახურვის პროცესი ხარვეზებით წარიმართა. კომისიის წევრებმა გამოუყენებელი ბიულეტენები და სხვა დოკუმენტაცია მაგიდებთან უმეთვალყურეოდ მიატოვეს და რამდენიმე შემთხვევაში გამოუყენებელ ბიულეტენებს დამკვირვებლები ითვლიდნენ. მოგვიანებით, კომისიის ორმა წევრმა გამოუყენებელი ბიულეტენები ერთად მოაგროვა და სხვა ოთახში წაიღო დელეგატების სიებთან და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად.  

ხმის დამთვლელი კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში დამკვირვებლების მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობდა. მოგვიანებით კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიამ იმსჯელა კომისიის იმ ორი წევრის შესახებ, რომელთაც ერთზე მეტი ბიულეტენი აღმოაჩნდათ და გადაწყვიტა, რომ ისინი ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. 

ამის შემდეგ, კომისიის სხდომაზე დამკვირვებლები დაუშვეს, სადაც კომისიამ დაითვალა სიაში ამომრჩეველი დელეგატების ხელმოწერები. ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი საჯაროდ, რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, კენჭისყრის ადგილას ექსცესების გარეშე წარიმართა. თუმცა, კომისიას არ ჰქონდა გაწერილი დეტალურიპროცედურები, თუ რა წესის დაცვით და როგორი თანმიმდევრობით უნდა დაეთვალა ბიულეტენები. კომისიამ არ აირჩია სხდომის მდივანი, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი მიღებული ხმების აღრიცხვასა და დოკუმენტირებაზე და ეს ფუნქცია, სახელდახელოდ, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შეითავსა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნები" ადვოკატთა ასოციაციას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების გამოსავლენად ადვოკატთა ასოციაციამ უნდა იხელმძღვანელოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 12.2.ბ და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 24.3.ბ მუხლებით, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის პოზიციაზე არჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას;
  • საერთო კრების რეგლამენტი უნდა შეიცავდეს საარჩევნო სისტემის მარეგულირებელ ნორმებს ყველა სახის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევი წევრისთვის;
  • ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების რეგლამენტი უნდა იყოს გაწერილი დეტალურად და შეიცავდეს საარჩევნო პროცესების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს. 
  • ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად კომისიამ უნდა აირჩიოს კომისიის მდივანი, რომელიც იქნება საარჩევნო კომისიის საქმიანობის და საარჩევნო პროცესის დოკუმენტირებაზე პასუხისმგებელი;
  • მკაცრად უნდა აღირიცხებოდეს რეგისტრატორი კომისიის წევრებისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა;
  • კომისიის წევრები პასუხისმგებლები უნდა იყვნენ მათთვის გადაცემული დოკუმენტაციის (ბიულეტენების, საარჩევნო სიების და სხვა) დათვლა-დახარისხებაზე კენჭისყრის მიმდინარეობისას და კენჭისყრის დასრულების შემდგომ;
  • ხმის დამთვლელი კომისიის საქმიანობა ყველა ეტაპზე უნდა იყოს გამჭვირვალე და მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა წარიმართოს ღიად ყველა უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;
  • პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანდიდატებს არ უნდა ჰქონდეთ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ხმას აძლევენ;
  • ადვოკატების მხრიდან ასოციაციის არჩევნებში პროცედურების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, კანონითა და ასოციაციის წესდებით უნდა გაიწეროს სანქციები და მათი დაკისრების პროცედურა;
  • ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად და მეტი გამჭვირვალობისთვის, უმჯობესია, ღია სიით ასარჩევი კანდიდატების ხმების დათვლა წარიმართოს ხმების ელექტრონული ცხრილის მეშვეობით აღრიცხვის შედეგად.

არსებული ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე რეგისტრაცია 2324-მა ადვოკატმა გაიარა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2048 დელეგატმა. ყველაზე მეტი - 1128 ხმა მიიღო ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა. მეორე ადგილზე გავიდა ლევან ჯანაშია 632 ხმით.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა. ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. არ დრომდე არ გარკვეულა ვინ დაიკავებს ამ პოსტს - მონაწილე კანდიდატები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ. ლევან ჯანაშია, რომელიც არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე გასულ დავით ასათიანს გაყალბებაში ადანაშულებს. ამ დრომდე უცნობია, გაიმართება თუ არა მეორე ტური.

კომენტარები