საკონსტიტუციო ცვლილებები

ქანთარია: შეიძლება გააქილიკეს - ხმოსნები, მგოსნები, ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ? 

ალექსანდრე ქანთარია
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიასთვის მიუღებელია, რომ კონსტიტუციაში ტერმინი ხმოსანი უქმდება და 300 ადამიანისგან შემდგარ კოლეგიას, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, მხოლოდ "საარჩევნო კოლეგია" ერქმევა.

„ძალიან გონიერი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვეხებით 50-ე მუხლს და ვტოვებთ. შეიძლება იურიდიულად წიაღსვლებში მთლად მაღალი სტანდარტი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად, ვფიქრობ, საკმაოდ გონიერი გადაწყვეტილებაა და კარგია, რომ ამაზე ჩამოვყალიბდით. მაგრამ ის ტერმინი, რომელიც არის და გვინდა რომ შევცვალოთ, ვიღაცებმა შეიძლება გააქილიკეს - ხმოსანი, მგოსანი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ ამას?! არის ძალიან კარგი ქართული ტერმინი - ხმოსანი, ხმის უფლების მქონე ადამიანი, მოქალაქე. ამიტომ ფიქრობ, რომ არ არის მაინც და მაინც საჭიროება იმისა, რომ ამ კონიუნქტურას ავყვეთ და ეს ქართული ტერმინი ამოვიღოთ, რომელსაც წინა პერიოდში ხშირად იყენებდნენ ჩვენი ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწეები“, - თქვა ქანთარიამ.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. სამი მოსმენით დამტკიცებულ და პრეზიდენტის მიერ ჯერ ვეტოდადებულ, შემდეგ კი ხელმოწერილ კონსტიტუციაში კვლავ ცვლილებები შედის: ა​კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება ერთჯერადად მიეცემათ. ასევე, გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის სასარგებლოდ ანაწილებს. 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, მათგან 150 პარლამენტის წევრი. ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ პროექტში კოლეგიის წევრებს ხმოსნები ერქვათ, ახალ რედაქციაში ეს ტერმინი უქმდება - 2 კვირის წინ ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ამ ტერმინის გაუქმება სწორედ მისი ქილიკით ახსნა. 

კომენტარები