ვენეციის კომისია

ჯანი ბუკიკიო ვენეციის კომისიის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს

Council of Europe

ჯანი ბუკიკიო ვენეციის კომისიის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ, მეოთხედ აირჩიეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ფინალურ პლენარულ სესიაზე იქნა მიღებული. ბუკიკიო ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს კონსტიტუციის საკითხებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

იტალიელი ჯანი ბუკიკიო ვენეციის კომისიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ევროპის საბჭოს 1971 წელს შეუერთდა, 1990 წელს კი ვენეციის კომისიის დაარსებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესსაც აკვირდებოდა, ის რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. 

ვენეციის კომისია სამართლის დამოუკიდებელ ექსპერტებს აერთიანებს და ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვას, მათ გამყარებასა და განვითარებას. კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება: კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას; დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა კომისიის მიერ ოთხი მიმართულებით ხორციელდება: კონსტიტუციური სამართლის სფეროს ხელშეწყობა; არჩევნები და რეფერენდუმები, საკონსტიტუციო სასამართლოებთან თანამშრომლობა; კვლევებისა და სემინარების ჩატარება. 

ამ ეტაპზე კომისიის საქმიანობა მოიცავს ევროპის საბჭოს წევრ 47 ქვეყანას + კიდევ 14 ქვეყანას: ალჟირს, ბრაზილიას, ჩილეს, კოსტა რიკას, ისრაელს, ყაზახეთს, კორეის რესპუბლიკას, კოსოვოს, ყირგიზეთს, მაროკოს, მექსიკას, პერუს, ტუნისს და აშშ-ს. 

კომენტარები