აშშ-ჩრდილოეთ კორეა

რექს ტილერსონი ჩრდილოეთ კორეას: უბრალოდ შევხვდეთ და ამინდზე ვისაუბროთ

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეასთან "წინასწარი პირობების გარეშე" მოლაპარაკებებისათვის მზადაა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი ბირთვული და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტიდან გარკვეული დრო გავა.

მისი პოზიცია განსხვავდება წინა განცხადებებისაგან, როდესაც ტილერსონი ოფიციალური ფხენიანისაგან ბირთვულ არსენალზე უარის თქმის განზრახვის სერიოზულ გამოხატვას მოითხოვდა. ტილერსონის თქმით მესიჯი ჩრიდლოეთ კორეისადმი შეიცვალა და მოლაპარაკებების დასაწყებად მათ სრულ ბირთვულ განიარაღებას აღარ მოსთხოვენ.

"ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ნებისმიერ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეას მოუნდება საუბარი. ჩვენ მზად ვართ პირველი შეხვედრა წინაპირობების გარეშე შედგეს. უბრალოდ შევხვდეთ...და შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ სამოქმედო გეგმა... რეალისტური არ არის იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, თუ თქვენ მოხვალთ მოლაპარაკებების მაგიდასთან იმისათვის გამზადებულნი, რომ თქვენს ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვათ. მათ ზედმეტად ბევრი ინვესტიცია ჩადეს ამაში." "მოდით უბრალოდ შევხვდეთ და ვისაუბროთ ამინდზე....და იმაზე, ეს მრგვალი მაგიდა იქნება თუ ოთხკუთხედი, თუ ეს არის ის რაც თქვენს აღტაცებას გამოიწვევს." თქვა ტილერსონმა.

"რთული იქნება საუბარი, თუ საუბრის შუაში თქვენ კიდევ ერთი მოწყობილობის გამოცდას დააპირებთ, ჩვენ სიმშვიდის პერიოდი გვჭირდება." დაამატა მან.

ტილერსონმა ასევე თქვა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩინეთთან იმის შესახებ, თუ რა შეეძლოთ ქვეყნებს გაეკეთებინათ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი დაიწყებოდა ან ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი დაემხობოდა. მისი თქმით აშშ-მ დაარწმუნა ჩინეთი რომ ამ შემთხვევაში აშშ-ის ჯარები დარჩებოდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ 38-ე პარალელზე და მათი ძირითადი საზრუნავი რეჟიმის ატომური იარაღის უსაფრთხოება იქნებოდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მიგრანტების თავშესაფარს აშენებს და ამით ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმის დამხობის შემთხვევაში პოტენციური მიგრაციის ტალღასთან გასამკლავებლად ემზადება.

ტილერსონის კომენტარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის შეხედულება ჩრდილოეთ კორეის სახითზე უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ ტილერსონის მხრიდან ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების მცდელობებს დონალდ ტრამპმა "დროის ფუჭი კარგვა უწოდა".

კომენტარები