კახა კალაძე

"სიცოცხლით სავსე ქალაქი" თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან - დაირღვა თუ არა კანონი

www.facebook.com/kety.gujaraidze

თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" - თავისუფლების მოედნის საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციის ნაწილად გამოიყენეს. დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან წარწერა ორენოვანია - ქართული და ინგლისური.

თბილისის მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ განათებაზე ტენდერი გამოცხადდა, სადაც ერთერთმა კომპანიამ გაიმარჯვა. სხვა დეტალებს უწყებაში არ ამბობენ და განმარტავენ, რომ ამისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

ტაბულა დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ბიუჯეტით დაფინანსებული ნაძვის ხის დეკორაციად პარტიული სლოგანის გამოყენება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ განათების დამონტაჟება ეწინააღმდეგება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს და ასევე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

"პირველ რიგში ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს მკაფიო ზღვარი გაავლოს პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფოს საქმიანობაში. ეს ამ შემთხვევაში დარღვეულია, ვინაიდან, მმართველი პარტიის კანდიდატი და ამჟამად უკვე მერი, მთელ კამპანიას აწარმოებდა ლოზუნგით - "სიცოცხლით სავსე ქალაქი". ზღვარი კანდიდატის სლოგანსა და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ განათებას შორის არ არსებობს. თუ ეს განათება დაფინანსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ან ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილი აქვს ამ მოთხოვნების დარღვევას", - აცხადებს ნინო რიჟამაძე, ISFED-ის იურისტი.

მისივე განმარტებით, საარჩევნო სლოგანის ნაძვის ხის დეკორაციად გამოყენება პარტიისთვის არაფინანსურ შემოწირულობად შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ მომენტში წინასაარჩევნო პერიოდი.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის თანახმად, ნებისმიერი საქმიანობა ჩაითვლება პარტიის სასარგებლო შემოწირულობად, რაც აკრძალულია ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით. აქ საუბარია იმაზე, რომ პარტიას ეკრძალება შემოწირულობის მიღება სახელმწიფო ორგანოსგან და ორგანიზაციებისგან. მიუხედავად იმისა, არის თუ არა საარჩევნო პერიოდი, კანონი ამ ქმედებას ყოველთვის კრძალავს", - ამბობს იურისტი.

ნინო რიჟამაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის სამსახური ამ ქმედებას შეისწავლის და დააკვალიფიცირებს, როგორც უკანონო შემოწირულობას, თანხა უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და პარტიას ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

"აუდიტის სამსახურმა უნდა განსაზღვროს რა ფინანსური სარგებელი მიიღო პარტიამ. კანონის ეს მოთხოვნა ვრცელდება სახელმწიფოზეც, რომ არ განახორციელოს შემოწირულობა პარტიის სასარგებლოდ და პარტიაზეც, რომ არ მიიღოს მსგავსი შემოწირულობა და თუ მიიღებს, უნდა აცნობოს აუდიტის სამსახურს", - აცხადებს ISFED-ის იურისტი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაზე საუბრობს.

"პოლიტიკური პარტიის სლოგანის გამოქვეყნება საჯარო დაწესებულების მიერ, როგორიც არის თბილისის მერია, არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობნდნენ საჯარო დაწესებულებები. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო, ადმინისტრაციული რესურსები გამოყენებული უნდა იყოს საჯარო და სახელმწიფო მიზნებისთვის და არა პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში ეს გამიჯვნა არ არის, რადგან ეს სლოგანი ასოცირდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებაში არსებობს მყარად ჩამოყალიბებული განცდა იმის თაობაზე, რომ ეს არის "ქართული ოცნების" სლოგანი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას აქვს ადგილი თბილისის მერიისგან და ასევე, თბილისის მერისგან, კახა კალაძისგან", - ამბობს ტაბულასთან საია-ს იურისტი, ნინო ცუხიშვილი.

მისი განმარტებით, შესაძლებელია დადგეს მერიის იმ საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობა, რომელმაც აღნიშნული დეკორაციის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ეს არ შეეხება კახა კალაძეს, რადგან თბილისის მერი მოსახლეობის მიერაა არჩეული. იურისტი ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის გამოყენების გამო, თბილისის საკრებულოს შეუძლია იმსჯელოს მერის პასუხისმგებლობის საკითხზე.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის დეკორაციად პარტიული სლოგანის განთავსებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ორგანიზაციის წამომადგენელი, ლევან ნატროშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ეს არ იყო მიზანშეწონილი, თუმცა, რადგან საარჩევნო კამპანია დასრულებულია, კანონდარღვევა ვერ იქნება.

"რა თქმა უნდა, თუ ჩავუღრმავდებით მიზანშეწონილობის კუთხით, სასურველი არ არის, რომ საარჩევნო სლოგანი იყოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონკრეტული ღონისძიების დროს გამოყენებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასურველია არ იყოს გამოყენებული, თუმცა თუ გამოიყენეს, არ ვფიქრობთ, რომ ამით მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოიშვა", - ამბობს ლევან ნატროშვილი.

ტაბულა დაუკავშირდა აუდიტის სამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ არავის მიუმართავს და ფაქტის შესწავლა არ დაუწყიათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, ეჭვის შემთხვევაში, არ საუბრობს მიმართვის აუცილებლობაზე და უწყებას ფაქტის შესწავლა დამოუკიდებლადაც შეუძლია.

პარტიული სლოგანით ნაძვის ხის განათებას დღეს თბილისის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძის შეფასებით, ყველას ექნება სურვილი, დედაქალაქი "უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე".

ტაბულამ მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რა დაუჯდა დედაქალაქის ბიუჯეტს "ქართული ოცნების" პარტიული სლოგანის თავისუფლების მოედანზე დამონტაჟება და პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები