აშშ-ჩრდილოეთ კორეა

თეთრი სახლი: ქცევების გამოსწორებამდე ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი გამორიცხულია

Reuters

თეთრ სახლში რექს ტილერსონის მიერ ჩრდილოეთ კორეისათვის წინაპირობების გარეშე დიალოგის შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მათი ქცევების ფუნდამენტურ გაუმჯობესებამდე დიალოგი ყოვლად გამორიცხულია.

როიტერთან საუბარში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტუკური რაკეტის გამოცდიდან ერთი თვის შემდეგ მოლაპარაკებებისათვის შესაფერისი დრო არ არის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეასთან "წინასწარი პირობების გარეშე" მოლაპარაკებებისათვის მზადაა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი ბირთვული და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტიდან გარკვეული დრო გავა.

მისი პოზიცია განსხვავდება წინა განცხადებებისაგან, როდესაც ტილერსონი ოფიციალური ფხენიანისაგან ბირთვულ არსენალზე უარის თქმის განზრახვის სერიოზულ გამოხატვას მოითხოვდა. ტილერსონის თქმით მესიჯი ჩრიდლოეთ კორეისადმი შეიცვალა და მოლაპარაკებების დასაწყებად მათ სრულ ბირთვულ განიარაღებას აღარ მოსთხოვენ.

"ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ნებისმიერ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეას მოუნდება საუბარი. ჩვენ მზად ვართ პირველი შეხვედრა წინაპირობების გარეშე შედგეს. უბრალოდ შევხვდეთ...და შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ სამოქმედო გეგმა... რეალისტური არ არის იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, თუ თქვენ მოხვალთ მოლაპარაკებების მაგიდასთან იმისათვის გამზადებულნი, რომ თქვენს ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვათ. მათ ზედმეტად ბევრი ინვესტიცია ჩადეს ამაში." "მოდით უბრალოდ შევხვდეთ და ვისაუბროთ ამინდზე....და იმაზე, ეს მრგვალი მაგიდა იქნება თუ ოთხკუთხედი, თუ ეს არის ის რაც თქვენს აღტაცებას გამოიწვევს." თქვა ტილერსონმა.

"რთული იქნება საუბარი, თუ საუბრის შუაში თქვენ კიდევ ერთი მოწყობილობის გამოცდას დააპირებთ, ჩვენ სიმშვიდის პერიოდი გვჭირდება." დაამატა მან.

ტილერსონის კომენტარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის შეხედულება ჩრდილოეთ კორეის სახითზე უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ ტილერსონის მხრიდან ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების მცდელობებს დონალდ ტრამპმა "დროის ფუჭი კარგვა უწოდა".

კომენტარები