აფგან მუხთარლის საქმე

მუხთარლი: კვირიკაშვილს მოკითხვა გადაეცით, ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

„საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა." - საქართველოდან გატაცებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ამის შესახებ კურიერთან საუბრისას თქვა. კურიერის ჟურნალისტი მას თავისსავე სასამართლო პროცესზე ესაუბრა, კამერის გარეშე. კურიერის ინფორმაციითვე, მუხთარლი ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლო პროცესი არის სპექტაკლი.  

„ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ პროცესს, ეს არის სპექტაკლი. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული”, - ამბობს მუხთარლი კურიერის ინფორმაციით.

კურიერის ინფორმაციითვე, მუხთარლიმ დღევანდელ პროცესზე მისი დაკავების დეტალებიც გაიხსენა. მუხთარლის თქმით, მას პოლიციის სამმა თანამშრომელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და მანქანაში ძალით ჩასვა.

„სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში, აეროპორტთან ახლოს ტრასაზე, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. შემდეგ მეორე მანქანაში გადავჯექით, 1 საათის შემდეგ კი მესამეში. მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთის შემდეგ, მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გამიწევია, რადგან მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში“, - თქვა მუხთარლიმ. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები