ნარკოპოლიტიკა

თეთრი ხმაურის მოძრაობა: ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ

ოთო ნიკა

თეთრი ხმაურის მოძრაობა 10 დეკემბერს, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით გამართულ აქციაზე „ხმაური გამარჯვებისთვის" რეპერი მასტერის მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება და "შექმნილი არასასურველი ვითარების გამო" საზოგადოების ნაწილს ბოდიშს უხდის. 

რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი ხშირად აკეთებს ჰომოფობიურ და სექსისტურ განცხადებებს, მათ შორის თავის სიმღერებშიც. მოქალაქეთა ნაწილმა მიიჩნია, რომ აქციაზე, რომლის იდეასაც მხარს ჩაგრული ჯგუფებიც უჭერენ, ჰომოფობ მომღერალს სცენა არ უნდა დათმობოდა. 

"თეთრი ხმაურის მოძრაობა", რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო და ამასთან, სათავეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე კამპანიას უდგას, ამბობს, რომ მხარს უჭერს ყველა ჩაგრულ ჯგუფს, მათ შორის ლგბტ თემსაც. 

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"პირველ რიგში გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში წარმოშობილ ცხარე დისკუსიას აქციის გარშემო. ცხადია, ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და გულწრფელად ვწუხვართ, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა და მათ შორის ქვიარ თემის აქტივისტებმა, ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ბოდიშს ვუხდით ყველა განაწყენებულ მხარდამჭერს შექმნილი არასასურველი ვითარებისთვის და ყველას ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ.

შეგახსენებთ, თეთრი ხმაურის მოძრაობა, ყოველთვის იყო და იქნება სოლიდარული სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სტუდენტების, მუშების, გარემოსდამცველ მოძრაობებსა და ცხადია, ქვიარ თემს. ვიბრძვით ჩაგვრის წინააღმდეგ სოციალური თანასწორობის იდეისთვის. ჩვენი მთავარი ლოზუნგი „ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, არ არის მხოლოდ ლოზუნგი, რადგან თეთრი ხმაურის მოძრაობის სავიზიტო ბარათი სწორედ ინკლუზიურობაა. პრობლემა რომლის გარშემოც გავერთიანდით ყველასთვის საერთოა. ქვიარ თემთან კი, არამხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემზე განყენებულად საუბარი. ქვიარ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის. თეთრი ხმაურის მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა, სისტემის მიერ ჩაგრული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას უსამართლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში. მიზანიც საერთო გვაქვს - საზოგადოებრივი კეთილდღეობა.

გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ აქციაზე "ხმაური გამარჯვებისთვის! - ხალხი ითხოვს დეკრიმინალიზაციას" მყოფ თითოეულ ადამიანს, რომელიც წლებია, ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძვით ახალი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, გარდაუვალი სოციალური ცვლილებებისთვის. განსაკუთრებული მადლობა აქციის საორგანიზაციო სამუშაოებში მონაწილე ჯგუფებს, რომელთაც არ დაიშურეს დრო და ენერგია მანიფესტაციის ფორმისა და შინაარსის სრულყოფისთვის. მადლობა მუსიკოსთა კოლაბორაციას ტალღა, რომელშიც ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ სცენის ოცამდე მუსიკოსი გაერთიანდა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად საკუთარი სათქმელი გადმოსცა.

10 დეკემბრის აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოსახლეობა, როგორც არასდროს, ერთიანი და პრინციპულია საკუთარ გადაწყვეტილებაში და არ აპირებს დათმოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ბრძოლისა და შეთანხმების გამოძახილია. ბოლო პერიოდის მძიმე და ტრაგიკული მოვლენების ფონზე, შევძელით დაგვეძლია ზოგადი ნიჰილიზმი და ათი ათასმდე განსხვავებული ასაკის, სოციალური ფენისა და ინტერესების მქონე ადამიანი გავერთიანდით ძალადობრივ ნარკოპოლიტიკაზე გამარჯვებისთვის, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების თავისუფლებისთვის, ჩვენი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლისთვის, ადამიანთა ჯანმრთელობასა და განათლებაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად. პირველად, მოქმედი პოლიციური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, უამრავი ყოფილი პატიმარი, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრი და ახლობელი იმყოფებოდა. ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან ჩვენი ბრძოლის გასაძლიერებლად ჩამოვიდნენ. განსაკუთრებული მადლობა მათ გაღებული დროისა და ძალისხმევისთვის, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მომავალშიც შევინარჩუნოთ მტკიცე ერთიანობა. მადლობა ადამიანებს, რომლებმაც თბილისის პარალელურად მხარდამჭერი აქციები სხვა ქალაქებშიც გამართეს.

აქციით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შევახსენეთ, რომ ჩვენ ვითვლით წამებს, რადგან აღარ დარჩა დრო მსჯელობისთვის, ყველაფერი ნათქვამია, ყველა კონტრარგუმენტი გაბათილებულია, ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.

ჩვენ ძალისხმევას უშედეგოდ არასდროს ჩაუვლია. კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფს გამოგვეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოდან და მივიღეთ დაპირება, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მომდევნო კვირას დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, ხოლო ახალ წლამდე კანონპროექტი გავა პლენარულ სხდომაზე. დაპირების მიუხედავად, არ ვაპირებთ პასიურ მდგომარეობაში გადასვლას და თქვენთან ერთად განვაგრძობთ მოთხოვნებისთვის უკომპრომისო ბრძოლას.

მოთხოვნებისთვის იბრძვიან პატიმრებიც. აქციაზეც გავაჟღერეთ და შეგახსენებთ, 10 დეკემბრის სამოქალაქო პროტესტს ათობით პატიმარი სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში შიმშილობით შეუერთდა. უკვე მეხუთე დღეა ისინი კვლავ განაგრძობენ შიმშილობას და გადაწყვეტილი აქვთ არ შეწყვიტონ პროტესტი ვიდრე პარლამენტი კანონპროექტის განხილვას არ დაიწყებს. ეს დღეებია პერიოდულად გვიკავშირდებიან სხვა მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატებიც, რომლებიც გვატყობინებენ, რომ შიმშილობას სხვა პატიმრებიც უერთდებიან. აქვე გაცნობებთ, რომ მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი უწევს მონიტორინგს და ჩვენთან მუდმივ კონტაქტში არიან.

დასასრულს კი გვახსოვდეს, ომი ჯერ არ მოგვიგია, მიზანთან ახლოს ვართ და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა საერთო იდეისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს ომი კი ყველას ომია!

წინ, ერთად, გამარჯვებისთვის!". 

კომენტარები