საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი თსუ-ს: პედაგოგს ლექციის დროს დისკრიმინაციული გამონათქვამები აუკრძალეთ

Paata Vardanashvili / Wikipedia

საქართველოს სახალხო დამცველი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართავს ზოგადი წინადადებით, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის პროფესორი ლექციის განმავლობაში იყენებდა ჰომოფობიური შინაარსის შემცველ სახელმძღვანელოს და ავრცელებდა ჰომოფობიურ მოსაზრებებს.

განცხადების მიხედვით, სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სწავლებისას, პროფესორი ნ. თ. იყენებს ჰომოფობიური შინაარსის შემცველ წიგნს, რომელშიც ჰომოსექსუალობა განმარტებულია როგორც საკუთარი სქესის წარმომადგენლისადმი პათოლოგიური, არაბუნებრივი ლტოლვა, რომელიც უკიდურესად ამორალურია.

"საქართველოში ლგბტ+ თემის თანასწორობის მდგომარება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენდნენ და თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლის 26 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა მოპასუხის წერილობითი მოსაზრება გაუგზავნა, რომლის მიხედვით, მისი პოზიცია ემყარება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლს, სანამ მასში ცვლილებები განხორციელდებოდა. პროფესორის პოზიციით, საქართველოს კანონმდებელი მამათმავლობას და ლესბოსელობას, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტთან ერთად მოიხსენიებდა გაუკუღმართებელი ფორმით განხორციელებულ სექსუალურ კონტაქტად. "გაუკუღმართებული ფორმა კი ნიშნავს იმას, როცა ბუნებრივი სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება არაბუნებრივი - გაუკუღმართებული ფორმით, როცა ბუნებრივი მოთხოვნილება უკუღმა დგას".

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ლექციაზე პროფესორს უნდა შეეძლოს ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც საკამათოა და შეიძლება კონკრეტული სტუდენტისათვის  არაკომფორტულია მისი მოსმენა.

"მოსაზრებების ჭიდილი, დებატები და განხილვები, იდეების გაცვლა-გამოცვლა, განსხვავებული აზრის მოსმენა და კრიტიკა ინტელექტუალური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას. მოპასუხე სარგებლობდა არამარტო გამოხატვის, არამედ ასევე აკადემიური თავისუფლებით. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია იმ ტიპის მოსაზრებების გამოხატვა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ჯგუფის ადამიანების მიმართ სიძულვილი წაახალისოს. მოპასუხემ თავი უნდა შეიკავოს რომელიმე დაუცველი ჯგუფის, მათ შორის, ლგბტ თემის, მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისაგან და ხელი არ შეუწყოს მათ მიმართ უარყოფითი და სტერეოტიპული დამოკიდებულების გაძლიერებას", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს უმაღლესი განათლების როლს კრიტიკულად მოაზროვნე და მრვალაფეროვანი საზოგადოებისადმი ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

ომბუდსმენის განცხადებით, გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების ფარგლები არ ათავისუფლებს ლექტორს პასუხისმგებლობისაგან, რომ დაიცვას თანასწორობის პრინციპი, იმგვარად, რომ მისმა გამონათქვამმა/შეხედულებამ მიზანმიმართულად თუ გაუფრთხილებლობით არ დაამციროს სტუდენტი, რომელიც შესაძლოა ლგბტ თემს მიეკუთვნებოდეს.

სახალხო დამცველი "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტისა და "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ზოგადი წინადადებით მიმართავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს: შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც ლექტორს აუკრძალავს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების/მოსაზრებების გავრცელებას.

კომენტარები