საკონსტიტუციო ცვლილებები

შეიზღუდება თუ არა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა

პარლამენტი

მმართველი გუნდი არ იზიარებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას ეხება. ცვლილებები კონსტიტუციიდან იმ ჩამონათვალის წაშლას ითვალისწინებს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, მოქალაქეზე ინფორმაცია არ გაიცეს. 

ეს ინიციატივა რომ მიუღებელა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თავად განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

"გუშინ საღამოსაც შედგა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან დამატებითი განხილვები. შევჯერდით გარკვეულ პოზიციაზე. იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება ის იყო, რომ ჩვენ პირდაპირ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროებას. ეს არის: სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ეს 4 კრიტერიუმი რჩება ძალაში. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის/ინფორმაციის აღიარების კრიტერიუმები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე არ შექმნოდა სამართალწარმოების ინტერესებს და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში”, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

უფრო კონკრეტულად: კონსტიტუციის ახალ, უკვე დამტკიცებულ პროექტში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.

კონსტიტუციის ამ ნაწილში ცვლილებები არც მაშინ განხილულა, როდესაც მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში დამტკიცებიდან მალევე კვლავ ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და სახალხო განხილვაც ჩაატარა. ცვლილების ინიციატივა თეა წულუკიანმა რამდენიმე კვირის წინ, ბიუროს სხდომაზე გამოთქვა. 

იუსტიციის სამინისტროს სურს, საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლების ჩამონათვალი წაიშალოს და ამ ჩანაწერით ჩანაცვლდეს: 

"ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს. ამ უფლების განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სხვათა უფლებების დაცვის, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით". 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები და ოპოზიცია ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ინფორმაციაზე წვდომას გააუარესებს. 

გაეცანით არასამთავრობო ორგანიზაციების და საკონსტიტუციო კომისიის წევრების მოსაზრებებსაც.

კომენტარები