საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი სტუ-ში განსხვავებული მოსაზრების გამო პირდაპირ დისკრიმინაციაზე საუბრობს

gtu.ge

სახალხო დამცველი განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ლექტორის პირდაპირი დისკრიმინაციის გამო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისი სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სტუ-ს უფროს მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაციის საკითხი სადავო არასოდეს გამხდარა, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. თავად მასწავლებელი ამ ფაქტს 2016 წლის აპრილში უნივერსიტეტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობით ხსნის, სადაც იგი უნივერსიტეტში არსებული სწავლების დაბალი დონისა და რექტორის ხელმეორედ არჩევის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ გამოდიოდა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებელს შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით ეთქვა.

"საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და მოუწოდა სამუშაოზე აღდგენის გზით აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენი "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-201 მუხლითა და "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეკომენდაციით მიმართავს სსიპ "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს", რომ: აღმოფხვრას მ. ს.-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით;

კომენტარები