Bitfury

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

0 კომენტარი

2015 წლის 25 მაისს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკს" გლდანის მიმდებარედ 18.5 ჰექტარის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.

ამ განკარგულებიდან 5 თვეში საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.

ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებიდან მალევე, 2015 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, რისი მიზეზიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო. დატა ცენტრის გახსნას დაესწრნენ ირაკლი ღარიბაშვილი და Bitfury ჯგუფის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.

საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ 1 ლარად 18 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა და რომელსაც თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეუქმნა და ამ ზონის საბაჟოთი აღჭურვასა და საბაჟოს პერსონალის შენახვაზე საბიუჯეტო ხარჯი გასწია, Bitfury ჯგუფს ეკუთვნის. 

BitFury ჯგუფი თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მიწის იჯარას საკუთარ თავს უხდის

თავისუფალი ეკონომიკური ზონის ვებგვერდის მიხედვით, Bitfury პირველი კომპანიაა, რომელმაც მათგან ტერიტორია იჯარით აიღო. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი თავისუფალი ეკონომიკური ზონა Bitfury-ის ეკუთვნის, გამოდის რომ კომპანია იჯარას საკუთარ თავს უხდის.

რისი წარმოება ხდება აღნიშნულ დატა ცენტრში

აღნიშნული დატა ცენტრის ძირითადი საქმიანობა ე.წ. "მაინინგი" ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა. ეს პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია და ის ათობით მეგავატის ელეტქროენერგიას მოითხოვს. 

ბიტკოინის მოპოვებისთვის სპეციალური კომპიუტერული ჩიპები მაღალი სირთულის მათემატიკურ ალგორითმებს ხსნიან, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კი სისტემა მათ ბიტკოინს გადასცემს. აღნიშნული პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია და მისი ინდუსტრიულ დონეზე წარმოება ათობით მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია საქმიანობას სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ახორციელებს არის ის რომ მას დენის ტარიფის შემადგენელი დღგ-ს გადახდა არ უწევს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით, ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია. 

თავისუფალი ეკონომიკური ზონის მდებარეობა სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ქვესადგურთან სიახლოვის გამო შეირჩა:

ფოტო: youtube.com

გადასახადები, რომელთა გადახდაც Bitfury-ის დატა ცენტრს არ უწევს: 

  • მოგების გადასახადი - 0%
  • იმპორტის გადასახადი - 0%
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან (მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაც)
  • ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით
  • საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან

Bitfury-ის ბრუნვა უცნობია, შესაბამისად უცნობია თუ რა საბიუჯეტო შემოსავალი აკლდება სახელმწიფოს იმ გარემოებით, რომ კომპანია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საქმიანობს.

Bitfury-ის შესახებ:

Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემუბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავისმხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით. ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას სახელწოდებით "ბი ეფ დი სი ჯორჯია."

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს. Bitfury მისი დატა ცენტრების მეშვეობით სხვა კომპანიებისთვის სერვისის გაწევასთან ერთად ბიტკოინსაც გამოიმუშავებს. კომპანია საქართველოში: გორსა და თბილისში ფლობს ბლოკჩეინის ორ დატა ცენტრს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 60 მეგავატია. კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. 2016 წლის აპრილში Bitfury-იმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოაწერა ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებას. პროექტის შედეგად, საკუთრების შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრში შენახული მონაცემების ბლოკჩეინში რეგისტრირება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, 200 000-ზე მეტი დოკუმენტი საკუთრების შესახებ უკვე Bitfury -ის ბლოკჩეინში არის შენახული. კომპანია დატა ცენტრებს ასევე ფლობს კანადასა და ისლანდიაში.

Bitfury საქართველოში კიდევ ერთი დატა ცენტრის აშენებას გეგმავს

Bitfury-ის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოში იყო ჩამოსული, რა დროსაც ტაბულამ მასთან რამდენიმეწუთიანი ინტერვიუს ჩაწერა შეძლო. ინტერვიუზე ვავილოვმა განაცხადა, რომ ის საქართველოში კიდევ ერთი დატა ცენრტის აშენებას გეგმავს.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოში გავზარდოთ ჩვენი ინვესტიციები და მაღალი ალბათობით, 2018 წელს ჩვენი მორიგი დატა ცენტრი საქართველოში ავაშენოთ. ამ დროისთვის ზუსტ დეტალებს თუ რა იქნება ამ დატა ცენტრის სიმძლავრე ვერ გეტყვით",- ამბობს ვავილოვი.

Bitfury ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანაინვესტირების ფონდთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხს გაურბის:

Bitfury-იმ 2014 წელს $20-მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძეა. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია. ვალერი ვავილოვი თანაინვესტირების ფონდთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვას გაურბის და ამბობს:

"ვერ ვხდები ამ კითხვის შინაარსს, ვერ გავიგე ამას რატომ მეკითხებით? დიახ, Bitfury-იმ ცოტაოდენი დაფინანსება თანაინვესტირების ფონდისგანაც მიიღო, ეს არ არის განსაკუთრებით მსხვილი თანხა,"- პასუხობს ვავილოვი ტაბულას.

ვინ არიან Bitfury-ის ინვესტორები:

ვებგვერდ crunchbase-ის მონაცემებით, Bitfury-ის ძირითადი ინვესტორია ჰონგ-კონგური საკრედიტო კავშირი Chong Sing Holdings FinTech Group, ასევე ვალერი ვავილოვის მიერ 2010 წელს დაფუძნებული კომპანია iTech Capital-ი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ამერიკული ტექ. საინვესტიციო კომპანია DRW Venture Capital და სხვა კომპანიები არიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯიშკარიანი

კომენტარები