დემოგრაფიული ფორუმი

დიმიტრი ხუნდაძე: საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების ანტიპროპაგანდა

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ნარკოტიკებზე, ასევე მიგრაციასა და ახალგაზრდების დასაქმებაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად საკრებულოში ისაუბრა - ისინი აქ პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში შეკრებილ ახალგაზრდებს შეხვდნენ. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ახალგაზრდებში განსაკუთრებით დიდია ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით, პირველ რიგში, ნარკოტიკების ანტიპროპაგანდის გზით უნდა იმუშაოს. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უცხოეთში წასული ახალგაზრდების უკან დაბრუნება, რადგან ქვეყანას მძიმე დემოგრაფიული პრობლემები აქვს.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს "ნარკოპოლიტიკის უკიდეგანო ლიბერალიზაცია და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია" საფრთხის შემცველად მიაჩნია. 

კახა კალაძემ კი დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება ჯ​ანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა. მისი თქმით, თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების წახალისება მოხდეს.

შეხვედრაზე თამარ ჩიბურდანიძემ, რომელიც დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელია, ახალგაზრდებს ახალი პროექტი „მე-ოჯახი-სახელმწიფო“ გააცნო. პროექტი მიზნად ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, ოჯახური ღირებულებებისადმი პატივისცემას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სახელმწიფოსადმი მისი, როგორც მოქალაქის, ვალდებულებათა ურთიერთმიმართებას ისახავს. 

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ფერეიდნელი ქართველებიც ესწრებოდნენ. 

პირველი დემოგრაფიული ფორუმი შემდეგ შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამართავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები