იუსტიციის უმაღლესი საბჭო

18 დეკემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი ცხადდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი 2017 წლის 18 დეკემბრიდან ცხადდება.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საბჭოს წევრის არა უმეტეს ერთი კანდიდატისა.
 
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლო-ებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
 
საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება", - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტში გაწერილია იმ საბუთების ჩამონათვალიც, რაც საჭიროა კანდიდატის რეგისტრაციისთვის:
 
ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა;
ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სპეციალობით არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;
თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულება "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 პრიმა პუნქტის შესაბამისად გამოიცა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატის წარდგენა კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნება შესაძლებელი.

კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს დაევალა. 

კომენტარები