საჯარო სამსახური

NGO-ები: საჯარო სამსახურში დასანიშნად კონკურსი სავალდებულო აღარ იქნება, ეს მიუღებელია

არასამთავრობო ორგანიზაციები

საია-სა და IDFI-ის განცხადებით, საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება უქმდება, რაც მიუღებელია.

ორგანიზაციები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეყრდნობიან, რომლის 83-ე მუხლში წერია: "პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განცხადების წარდგენისათვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე".

საია-სა და IDFI-ის მიაჩნიათ, რომ საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე, ნეპოტიზმის რისკს გაზრდის.

"გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილება საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების თაობაზე, ასევე, მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მასში მონაწილეობა.

კანონმდებლობის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით პირი შეიძლება დასაქმდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. დამხმარე ამოცანები მოიცავს ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა დამხმარე ფუნქციების განხორციელებას, ხოლო არამუდმივი ამოცანები გულისხმობს საჯარო დაწესებულებისათვის დროის განსაზღვრულ პერიოდში საჭირო ექსპერტული მომსახურების გაწევას. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი შესაძლებელია ასრულებდეს შინაარსობრივი ხასიათის ფუნქციებს, რაც დაკავშირებულია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებასთან", - აცხადებენ ორგანიზაციები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საუბრობენ თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზეც და მიიჩნევენ, რომ კონკურსი ამ კუთხითაც აუცილებელია.

"კანონით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური კოეფიციენტი შესაძლოა შეადგენდეს 4.00-ს. თუ ვივარაუდებთ, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,000 ლარით განისაზღვრება, ხელშეკრულებით დაქირავებული პირის მხოლოდ თანამდებობრივმა სარგომ (პრემიის და დანამატის გარეშე) შესაძლებელია 4,000 ლარი შეადგინოს, რაც საკმაოდ მაღალ თანხას შეადგენს და აღემატება საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების ანაზღაურებას. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებამ კონკურსის გარეშე არ მიიღოს პირი, მით უფრო, მსგავს მაღალანაზღაურებად პოზიციაზე", - აცხადებენ საია და IDFI.

ორგანიზაციების ინფორმაციით, 2016 წელს, 2011 წელთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება 102 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც გარკვეულწილად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა მიღების პროცედურების გაუმართაობითაც არის განპირობებული.

"საჯარო დაწესებულებებში მიღების გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების ფორმირება საჯარო სამსახური რეფორმის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საჯარო სამსახური სამართლიან, გამჭვირვალე და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურას და ზრდის ნეპოტიზმის რისკს საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების პროცესში.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა საკომიტეტო განხილვებზე ჩვენ მიერ წარდგენილი კრიტიკული შენიშვნები და გააუქმა საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის დადგენილი გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება", - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

კომენტარები