ჩიხრაძე: ეფექტიანი საზ. მაუწყებლის იდეა არ უნდა დაუპირისპირდეს პლურალიზმის იდეას

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და მათ პასუხები უნდა გაეცეს. მისივე თქმით, ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს პლურალიზმის იდეას. თუმცა, როგორც ჩიხრაძე ამბობს, ჯერ უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს კანონპროექტს, როგორც ამას კომერციული მაუწყებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ. 

"რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ვეტოსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მე ვერაფერს ვიტყვი, წინ არის კიდევ მესამე მოსმენა", - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ. 

კომერციული ტელეკომპანიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პრეზიდენტს დღეს შეხვდნენ და მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადება სთხოვეს. პარლამენტის უკვე მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას ითვალისწინებს. მოქმედი კანონით მაუწყებელს, რომელიც ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება, რეკლამის გაშვების უფლება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში აქვთ. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები