აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთსა და ჩინეთს გამოწვევებად განიხილავს

Time

ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარადგინა.

სტრატეგიის მიხედვით უსაფრთხოების პრიორიტეტებად განისაზღვრა:

ამერიკელი ხალხის, სამშობლოს და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვა

ამერიკის კეთილდღეობისათვის ხელის შეწყობა

ძალის მეშვეობით მშვიდობის შენარჩუნება

ამერიკის გავლენის გავრცელების გაზრდა

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიას რეგიონული კონტექსტების მიხედვით და ხაზს უსვამს აშშ-სა და მის პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის წარდგენისას ხაზი გაუსვა იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ გლობალური სტატუს ქვოს შეცვლას. აქ იგულისხმება რუსეთი და ჩინეთი. ახალი უსაფრთხოების სტრატეგია ორივე ქვეყანას ამერიკის ძალის, გავლენის და ინტერესებისათვის გამოწვევად განიხილავს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების და კეთილდღეობისათვის ზიანის მიყენებას ცდილობს. სტრატეგიის ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები მოწოდებულნი არიან ეკონომიკა აქციონ ნაკლებად თავისუფლად და სამართლიანად, გაზარდონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები და აკონტროლონ მონაცემები და ინფორმაცია საკუთარი საზოგადოების რეპრესიისათვის და საკუთარი გავლენების გასაზრდელად.

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმი აღარ არსებობს, ჩვენს ნებას ახალი საფრთხეების სახით ელის გამოცდა. რუსეთი მიმართავს დივერსიულ ზომებს ამერიკის ევროპისადმი ვალდებულების საიმედოობის შესასუსტებლად, ტრანსატლანტიკური ერთობისათვის ძირის გამოსათხრელად და ევროპული ინსტიტუციებისა და მთავრობების შესასუსტებლად. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის ამ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი აგრძელებს მისი მეზობლების დაშინებას საფრთხის შემცველი ქცევით, როგორიცაა ბირთვული იარაღის მუქარა და თავდასხმითი შესაძლებლობების წინ წამოწევა.“ ნათქვამია ახალი სტრატეგიის ტექსტში.

„რუსეთის მიზანია შეასუსტოს აშშ-ის გავლენა მსოფლიოში და დაგვყოს ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები. რუსეთი ნატოს და ევროკავშირს საფრთხეებად განიხილავს. რუსეთი ინვესტიციებს დებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებში, მათ შორის ბირთვულ სისტემებში, რაც კვლავ რჩება აშშ-სათვის ყველაზე მნიშვნელოვან გარეშე საფრთხედ, და ასევე მათ მადესტაბილიზებელ კიბერ შესაძლებლობებში. მავნებლური ტაქტიკების მოდერნიზებული ფორმებით რუსეთი ერევა მსოფლიოს გარშემო ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. რუსული ამბიციისა და მზარდი სამხედრო შესაძლებლობების კომბინაცია ქმნის არასტაბილურ საზღვარს ევრაზიაში, სადაც კონფლიქტის რისკი რუსეთის მხრიდან არასწორი გათვლის შემთხვევაში იზრდება.“

„რუსეთი ინფორმაციულ ოპერაციებს იყენებს საკუთარი კიბერ თავდასხმებისათვის რათა გავლენა მოახდინოს ხალხის აზრზე მსოფლიოს გარშემო. ეს კამპანიები მოიცავს ფარულ სადაზვერვო ოპერაციებს, ცრუ ინტერნეტ პერსონებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიას, მესამე მხარის წარმომადგენელ შუამაველებს და სოციალური მედიის მომხმარებლებს, ან „ტროლებს“ ვისაც ფულს უხდიან.“

„დემოკრატია მხოლოდ იმდენად არის გამძლე, რამდენადაც მისი ხალხი. ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები არის ფუნდამენტური მოთხოვნა თავისუფალი და გამძლე ერისათვის. თაობების მანძილზე ჩვენი საზოგადოება იცავდა თავისუფალ პრესას და სიტყვის და აზრის თავისუფლებას. დღეს ისეთი აქტორები, როგორიც რუსეთია იყენებენ საინფორმაციო საშუალებებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენი დემოკრატიების ლეგიტიმურობას. მოწინააღმდეგეების სამიზნეს წარმოადგენს მედია, პოლიტიკური პროცესები, ფინანსური კავშირები და პერსონალური მონაცემები. ამერიკელი პუბლიკა და კერძო სექტორი უნდა აცნობიერებდეს ამას და უნდა იმუშაონ ერთად ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად. არც ერთ გარეშე საფრთხეს არ უნდა მივცეთ საშუალება შეარყიოს ჩვენი საერთო ღირებულებები, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სამთავრობო სისტემას და დაყოს ჩვენი ერი.“

„ჩინეთს და რუსეთს სურთ ჩამოაყალიბონ მსოფლიო აშშ-ის ღირებულებების და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩინეთს სურს შეავიწროვოს აშშ რეგიონში, გაზარდოს მისი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური მოდელი და გადააწყოს რეგიონი მისი ინტერესების სასარგებლოდ. რუსეთს სურს აღადგინოს თავისი სუპერძალის სტატუსი და საკუთარ საზღვრებთან გააფართოვოს გავლენის სფეროები.“

„ჩინეთის და რუსეთის ინვესტიციების მიზანს განვითარებად სამყაროში გავლენების გაზრდა და აშშ-ზე შედარებითი უპირატესობის მოპოვება წარმოადგენს. ჩინეთი მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით ინფრასტრუქტურაში. რუსეთი, ასევე, აფიქსირებს საკუთარ გავლენას ეკონომიკურად, საკვანძო ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურის კონტროლის მეშვეობით, ევროპის ნაწილში და ცენტრალურ აზიაში.“

"აშშ მზად უნდა იყოს ამ კონკურენციისათვის. ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები თუ აქტორები ცნობენ, რომ აშშ ხშირად უყურებს სამყაროს ბინარულ ტერმინებში, რაც გულისხმობს ქვეყნებს, რომლებიც არიან ან "ომში" ან "მშვიდობაში", როდესაც სინამდვილეში ეს არის მუდმივი კონკურენციის არენა. ჩვენი მოწინააღმდეგეები არ დაგვიპირისპირდებიან ჩვენ ჩვენივე წესების დაცვით. ჩვენ გავზრდით ჩვენს კონკურენტუნარიოანობას და მივიღებთ გამოწვევას რათა დავიცვათ ამერიკის ინტერესები და განვავითაროთ ჩვენი ღირებულებები."

წინა ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისაგან განსხვავებით ახალ სტრატეგიაში საუბარი არ არის კლიმატის ცვლილებაზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე. ტრამპმა წინა პრეზიდენტების ინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა, რამაც მისი თქმით ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული გაანიავა და მათ ძალიან ძვირი დაუჯდათ. მან ასევე ისაუბრა აშშ-ის ეკონომიკის მეტად გათავისუფლებაზე, რათა გლობალურად მისი კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. მან ასევე ხაზი გაუსვა სზღვრების დაცვის მნიშვნელობასაც და განაცხადა, რომ "ქვეყანა საზღვრების გარეშე ქვეყანა არ არის."

კომენტარები