ენერგეტიკა

საქართველოში ნავთობის მოპოვება 4%-ით შემცირდა

Reuters

2016 წლის განმავლობაში საქართველომ 38,000 ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც 2015 წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენებმა 2016 წელს საქართველოს ნავთობის მთლიან მოპოვებაზე 100-ჯერ მეტი ნავთობი გადაზიდეს.

საქართველოში გამოვლენილია ნავთობის 16, და ბუნებრივი აირის 1 საბადო. საქართველოში ნავთობის მოპოვების პიკური პერიოდი 1980-1983 წლებზე მოდის, როდესაც წლიური მოპოვების მაჩვენებელი 3,200,000 ტონას შეადგენდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოვლენილი საბადოების პოტენციალის უდიდესი ნაწილის ათვისება მოხდა. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველოში ჯამში 25,000,000 ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვეს.

საქართველოში ყველაზე დიდი საბადოებია: სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთი თაღი და თელეთი.

საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად 5 ინვესტორი კომპანია ახორციელებს - "ბლეკ ოილ ენდ გეზი", "ჯინდალ პეტროლიუმ (ჯორჯია) ლიმიტედი", "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია", "ჯორჯია ოილ ენდ გეზი" და "ვი-პი ჯორჯია", ხოლო დანარჩენი 7 ინვესტორი კომპანია - "სტრეიტ ოილ ენდ გეზი", "ელენილტო", "ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი", "მარექსინი", ”სტრეიტ (აჭარა)", "ტრანს ატლანტიკი", "საქართველოს ნავთობის კონსორციუმი" აწარმოებენ მხოლოდ  ძებნა-ძიებით სამუშაოებს. 

ნავთობის მოპოვების ასეთი დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია ახალი საბადოების დამუშავების დაბალი ტემპით, რაც ბოლო პერიოდში ნავთობზე გლობალურად შემცირებულ ფასებსაც უკავშირდება.

 

კომენტარები