ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის სეს-ის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი მოლაპარაკებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მოწმობები დაამზადეს. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოსდა სასაკლაოს ტერიტორიაზე დაიკლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფიქტიურად გაიცა ასევე ყალბი ვეტერინარული მოწმობები საქონლის შემოწმების თაობაზე", - აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 341-ე, 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 221-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები