ჰაერის დაბინძურება

თბილისის რომელ უბნებშია ჰაერი ყველაზე დაბინძურებული

Bayram Isgandarov / newscafe.ge

თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია. საქართველოში რეგისტრირებული 1.1 მილიონი ავტომობილის თითქმის ნახევარი თბილისშია თავმოყრილი, ჰაერის შედარებით მაღალი დაბინძურებაც სწორედ ქალაქის იმ ნაწილებშია, სადაც ინტენსიური მოძრაობა და საცობებია.

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში არსებულ ჰაერის მდგომარეობას მონიტორინგის 4 სპეციალური პუნქტიდან აკვირდება. თბილისში მონიტორინგის პუნქტები განთავსებულია წერეთლის გამზირზე, ვაშლიჯვარში, ყაზბეგის ქუჩასა და ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში.

18 დეკემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ უბანში აზოტის ოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) შემცველობა კანონით დასაშვებ დონეს აღემატება. აზოტის მონოქსიდისა და დიოქსიდის დასაშვებზე მაღალი დონე წერეთელზე ფიქსირდება, ყაზბეგის ქუჩასა და ვარკეთილში კი მხოლოდ აზოტის დიოქსიდის სიჭარბე შეიმჩნევა. ვაშლიჯვარში არცერთი დამაბინძურებლის კონცენტრაცია არ ფიქსირდება.

კომენტარები